იემენში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა
იემენში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

იემენში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევები ქვეყანაში მას შემდეგ გამოვლინდა, რაც გაერო-მ გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ომით მოცულ იემენში კორონავირუსი შესაძლოა, გამოვლენის გარეშე ცირკულირებს.

აქამდე იემენში ოფიციალურად დადასტურებული იყო „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა. პირველი შემთხვევა ქვეყანაში თითქმის ოთხი კვირის წინ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ალ-შიჰრში გამოვლინდა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ალ-შიჰრიდან 540 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ ადენში დაარეგისტრირეს. ჰუმანიტარული ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ იემენში, სადაც უკვე რამდენიმე წელია, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, კორონავირუსის ფართო გავრცელებას გამანადგურებელი შედეგი ექნება. 2014 წელს დაწყებულმა ომმა იემენის ჯანდაცვის სისტემას სერიოზული ზარალი მიაყენა.

გაერო-ს მონაცემებით, იემენის 10 მილიონი მცხოვრები შიმშილის პირასაა, 18 მილიონ ადამიანს კი სასმელი წყლისადმი და ჰიგიენის საშუალებებისადმი პირდაპირი წვდომა არ გააჩნია, რაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო გაართულებს.