იემენში ანტიტერორისტული დანაყოფის შტაბბინაზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
იემენში ანტიტერორისტული დანაყოფის შტაბბინაზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

იემენის სამხრეთ ნაწილში მდებარე საპორტო ქალაქ ადენში ანტიტერორისტული დანაყოფის შტაბბინაზე თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ანტიტერორისტული ბაზის შესასვლელთან ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ორი მანქანა ააფეთქა, რის შემდეგაც ექვსმა შეიარაღებულმა ისლამისტმა ცეცხლი გახსნა და შენობის შტურმით აღება სცადა. ყველა თავდამსხმელი დაცვის წევრებმა მოკლეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
როგორც ადენის პოლიციის განცხადებაშია ნათქვამი, უსაფრთხოების ძალებმა ანტიტერორისტულ ბანაკზე მასშტაბური თავდასხმა აღკვეთეს.
მედიკოსების ინფორმაციით, თავდასხმის დროს გარდაცვლილებს შორის ერთი ქალი და ორი ბავშვია.
ადენი ამჟამად იემენის დროებითი დედაქალაქია. იემენის პრეზიდენტის აბდ-რაბუ მანსურ ჰადის სამთავრობო ძალები საუდის არაბეთის მხარდაჭერით ჰუსიტ ამბოხებულებს 2015 წლის შემდეგ ებრძვის.