იემენის მთავრობა „ჰუსიტების“ მიერ დაკავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად სამხედრო ოპერაციებს იწყებს

22:11, 04.10.2026

იემენის მთავრობა „ჰუსიტების“ მიერ დაკავებული ტერიტორიების დასაბრუნებლად სამხედრო ოპერაციებს იწყებს. ამის შესახებ იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის პრეზიდენტმა, რაშად ალ-ალიმიმ განაცხადა.

„დღეს ვაცხადებ სამხედრო ოპერაციების დაწყებას, რათა რესპუბლიკის დარჩენილი ტერიტორიები დავიბრუნოთ და სახელმწიფოს უფლებამოსილება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღვადგინოთ“, – განაცხადა ალ-ალიმიმ.

მანამდე, 3 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ იემენის სამთავრობო ძალებმა „ჰუსიტებთან“ მძიმე შეტაკებების შემდეგ იემენში, ტაიზის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სამაას ციხესიმაგრეზე კონტროლი მოიპოვეს.

ცნობისთვის, „ჰუსიტები“ იემენური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს. „ჰუსიტები“ „ანსარ ალაჰს“ უწოდებენ თავს და ირანთან მჭიდრო კავშირები აქვთ. დაჯგუფება ბოლო წლებში სტრატეგიულ ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მცურავ გემებს ხშირად ესხმის თავს. გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ მოძრაობამ იემენის წითელი ზღვის მთელ სანაპიროზე დაამყარა კონტროლი.

მსგავსი