„IDS ბორჯომის“ საერთაშორისო გენერალური დირექტორი - საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ვუთხარი, იმდენად ამაყად ვაფრიალებთ ქართულ დროშას, რომ საქართველოს წარმოვადგენთ მთელ მსოფლიოში
ახალი ქარხანა არის მნიშვნელოვანი ეტაპი „ბორჯომის“ საერთაშორისო ბაზრებზე გასაძლიერებლად. ის გვაძლევს შესაძლებლობას, გავამყაროთ პოზიციები საქართველოში და, ამავე დროს, თამამად გავაფართოოთ ოპერაციები სტრატეგიულ ბაზრებზე, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი, – ამის შესახებ „IDS ბორჯომის“ საერთაშორისო გენერალურმა დირექტორმა, აფნან აჰსანმა „ბორჯომის“ ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიზანია ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება და „ბორჯომის“ საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდად ქცევა.
„გლობალურად ჩვენი მიზანია ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება, გაფართოება და ზრდა, რათა გავხდეთ მნიშვნელოვანი, წარმატებული საერთაშორისო სასმელების კომპანია, „ბორჯომი“ კი საერთაშორისო აღიარების მქონე ბრენდად ვაქციოთ“, – განაცხადა აფნან აჰსანმა.
ამასთან, როგორც აფნან აჰსანმა აღნიშნა, კომპანიაში მისვლის დღიდან იცოდა, რამხელა მასშტაბი, მნიშვნელობა ექნებოდა ამ საწარმოს.
„დაახლოებით ორი წლის წინ, კომპანიას როდესაც შევუერთდი, ამ საწარმოს მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, მაგრამ პირველივე დღიდან ვიცოდით, რამხელა მასშტაბი, მნიშვნელობა ექნებოდა ამ ობიექტს ამ ტერიტორიაზე, რამხელა მუხტს მისცემდა ჩვენს მიზნებს. ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. როდესაც კომპანიას შევუერთდი, მქონდა გასაუბრება აქციონერებთან, მკითხეს, რამ მოგიზიდა, დაგაინტერესა ამ კომპანიაშიო. ვუთხარი, რომ ეს კომპანია ნაკლებად არის წარმოდგენილი, ცნობილი და მინდა, ეს სივრცე შევავსო-მეთქი. ეს არის ულამაზესი ბრენდი და, მგონი, ჯერ კიდევ არ უთქვამს თავისი გლობალური სათქმელი. დღეს ვესაუბრებოდი ეკონომიკის მინისტრს და ვუთხარი, რომ იმდენად ამაყად ვაფრიალებთ ქართულ დროშას, საქართველოს წარმოვადგენთ არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვართ საქართველოს ელჩები მსოფლიოში“, – განაცხადა აფნან აჰსანმა.