სირიის პროვინცია იდლიბში კიდევ ერთი თურქი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თურქი სამხედროს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მედიასთან საუბარში ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იდლიბში სამხედრო მოქმედებების დროს 3 მარტს დაიჭრა თურქეთის ცხრა ჯარისკაცი.
დღესვე თურქეთის პარლამენტმა იდლიბში შექმნილი მდგომარეობის შესახებ დახურული სხდომა გამართა.
თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სირიის არმიამ, იდლიბის რეგიონში თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა. ინციდენტის შედეგად, 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, 34 კი დაიჭრა.
27 თებერვლის შემდეგ, იდლიბის რეგიონში თურქეთი ოპერაცია „გაზაფხულის ფარს“ ატარებს.