„იბერიამ“ ბათუმში გაიმარჯვა – დებიუტანტები დაზავდნენ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-7 ტური ბათუმსა და თბილისში გამართული შეხვედრებით დასრულდა.
ბათუმის „დინამომ“ მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ მიიღო და 0:3 დამარცხდა. თბილისელებიდან გოლები პაატა ღუდუშაურმა (10), გიორგი ჯინდოლავამ (58 – პენალტი) და ამირან ძაგანიამ (66) გაიტანეს.
„მიხეილ მესხი არენაზე“ ერთმანეთს უმაღლესი ლიგის დებიუტანტები დაუპირისპირდნენ – „სპაერმა“ „რუსთავი“ მიიღო და ქულები გაინაწილა 1:1.
სტუმრებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – მე-14 წუთზე „სპაერს“ პრინს ოსეიმ გაუტანა. მაგრამ 51-ე წუთზე „სპაერის“ კაპიტანმა, ნიკოლოზ კენჭაძემ წონასწორობა აღადგინა.
7 ტურის შემდეგ გათამაშებას 14 ქულით „იბერია“ ლიდერობს, ხოლო დებიუტანტები „სპაერი“ და „რუსთავი“ 11-11 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.