იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 16 მოზარდი მკურნალობს, მათგან სამს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა
იაშვილის კლინიკაში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 16 პაციენტი მკურნალობს.
კლინიკის ექიმის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ირაკლი ვარძუკაშვილის ინფორმაციით, სამ პაციენტს ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.
„იაშვილის კლინიკის სტაციონარში ამჟამად 16 პაციენტი იმყოფება. გუშინ შემოვიდა 12, დღეს ოთხი. გადმოყვანილები არიან რაიონებიდან. მიმდინარეობს სამი პაციენტის ოპერაციული მკურნალობა. სტაციონარში 7-10 დღე დარჩებიან. დაზიანებები საკმაოდ მძიმეა. დაზიანებულია არამარტო ძვლოვანი ქსოვილი, არამედ რბილი ქსოვილების მასიური დაზიანება აღენიშნებათ. კუნთები და მყესებია დაზიანებული და ქსოვილის საკმაოდ დიდი ფართობია ასეთი. ამ ეტაპზე შემანარჩუნებელი ოპერაციები მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ვარძუკაშვილმა.
ექიმის თქმით, წინა წლებთან შედარებით, წელს განსაკუთრებით მძიმე დაზიანებებით მიიღეს პაციენტები. დაშავების მიზეზი სავარაუდოდ პიროტექნიკის არასწორი გამოყენებაა.