იაშვილის კლინიკასა და „ნიუჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ ბავშვებში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულების შემთხვევები შემცირდა

20:59, 08.02.2021

მოზარდებში მულტისისტემური ანთების სინდრომის შემთხვევები შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იაშვილის კლინიკასა და „ნიუჰოსპიტალსში“ განუცხადეს, სადაც აღნიშნული დაავადების მქონე ბავშვებს მკურნალობენ.

„ნიუჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ციბაძის განცხადებით, მულტისისტემური ანთების სინდრომისგან განკურნებული ბოლო მოზარდი მათი კლინიკიდან დღეს გაეწერა. ჯამში კი აღნიშნული დიაგნოზი ბოლო თვეებში მათ ცენტრში 23 მოზარდს დაუსვეს. მათგან 10 მსუბუქი, 13 კი საშუალო სიმძიმის იყო. ცაბაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში აღნიშნული სინდრომის ჩივილებით მიმართვიანობამ იკლო, რაც მისივე შეფასებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას უკავშირდება. დავით ცაბაძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში უნდა გამოქვეყნდეს ამ სინდრომის მკურნალობის პროტოკოლი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულია.

მულტისისტემური ანთების სინდრომის ჩივილებით 51 მოზარდი შეიყვანეს იაშვილის კლინიკაში, სადაც ამ ეტაპზე ხუთი პაციენტი რჩება. როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა, ყველა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში სინდრომის სიმპტომებით მოზარდები პერიოდულად ხვდებიან, თუმცა ზოგადად მიმართვიანობა შემცირებულია.

მულტისისტემური ანთების სინდრომს, რომელიც კორონავირუსის გადატანის შემდეგ ბავშვებში ვლინდება, ახასიათებს მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, შეშუპება და სხვა სიმპტომები.

კორონავირუსისგან გამოწვეულ ამ გართულებას სპეციალისტები იშვიათს უწოდებენ და ამბობენ, რომ სტატისტიკა საგანგაშო არ არის, დაავადება კი მართვას ექვემდებარება.

მსგავსი