სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მცველმა იაროსლავ რაკიცკიმ უკრაინის ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. ფეხბურთელი არ გამოუძახებიათ ეროვნულ გუნდში მას შემდეგ, რაც „შახტარიდან“ რუსულ კლუბში გადავიდა.
„ვულოცავ უკრაინის ნაკრებს ევრო 2020-ზე გასვლას, ვუსურვებ წარმატებას! ბიჭებმა შესანიშნავი თამაში აჩვენეს! 10 წლის წინ, დებიუტი მქონდა მთავარ გუნდში, დღეს კი ვამბობ „ნახვამდის“. მივდივარ უკრაინის ნაკრებიდან. ველოდი გამოძახებას ნაკრებში მთელი 2019 წლის განმავლობაში. მაგრამ დიდი ფეხბურთი დიდი პოლიტიკა გახდა. სწორედ შიშით ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებიც ეროვნულ გუნდში მიწვევებს არიგებენ. და აქ უფრო ნაკლები ყურადღება ენიჭება საფეხბურთო ოსტატობას.
ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩვენი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა, გამარჯვებები და უკრაინელთა ძალის დამტკიცება. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა და იმათაც, ვინც ჩვენს გვერდით არ იდგნენ. ყოველთვის ვიბრძოდი საფეხბურთო მინდორზე უკრაინისთვის! გისურვებთ მხოლოდ ოქროს მედლებს! მადლობა!“, – დაწერა ფეხბურთელმა.
30 წლის მცველმა უკრაინის ნაკრებში 54 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ოთხი გოლი გაიტანა. რაკიცკი ევროპის 2012 და 2016 წლების ჩემპიონატების მონაწილეა.