იაროსლავ კაჩინსკი - ევროკავშირი ნამდვილად არასწორი მიმართულებით მიდის
პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ნამდვილად არასწორი მიმართულებით მიდის. როგორც პოლონური მედია იუწყება, ამის შესახებ კაჩინსკი სილეზიის ორდენის კონფერენციის მონაწილეებისთვის გაგზავნილ წერილში წერს.
წერილში კაჩინსკი აკრიტიკებს ევროკავშირის კლიმატური კანონმდებლობის გამკაცრებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას კონსენსუსის პრინციპზე ნაწილობრივ უარის თქმის ინიციატივას.
წლევანდელი კონფერენციის თემა იყო „რამდენი ევროპაა ევროკავშირში?“
„ამაზე პასუხი ასეთი უნდა იყოს: სულ უფრო და უფრო მცირე. რასაკვირველია, ვგულისხმობ ევროპას ტრადიციული გაგებით, ანუ ევროპას, რომელიც იზრდება სამი ტრადიციიდან: ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი და იუდეურ-ქრისტიანული რელიგია“, – წერს პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი.
კაჩინსკის თქმით, ეს ძირს უთხრის ევროპული ცივილიზაციის ფუნდამენტურ ფასეულობებსა და პრინციპებს.
როგორც პოლონელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, დღევანდელი ევროკავშირი განსხვავდება იმ ევროკავშირისგან, რომელშიც პოლონეთი 2004 წელს გაწევრიანდა. ის მიიჩნევს, რომ ბრექსიტის შემდეგ გაზრდილია გერმანიისა და საფრანგეთის დომინირება, მოხდა „ბრიუსელის მიერ უფლებამოსილების მითვისება“, „შეუთანხმებელი პროცედურების ხშირი გამოყენება“ და „ორმაგი სტანდარტების გამოყენება“.
ამის მაგალითად კაჩინსკიმ მოიყვანა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ინიციატივა, ევროკავშირის ცალკეული გადაწყვეტილებების ერთხმად მიღების პრინციპზე უარის თქმის შესახებ, კერძოდ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების, ასევე საგადასახადო სფეროებში.
„ევროკავშირი აშკარად არასწორი მიმართულებით მოძრაობს, მაგრამ ის, რომ ის ამ მიმართულებით განვითარდა, არ ნიშნავს, რომ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ამის გამოსწორების მცდელობა არ შეიძლება“, – წერს იაროსლავ კაჩინსკი.