იაპონური „სანვულვზი“ „ზე რაგბიში“ დაბრუნებას გეგმავს
იაპონური „სანვულვზი“ „ზე რაგბიში“ დაბრუნებას გეგმავს

იაპონური კლუბი „სანვულვზი“, შესაძლოა, „ზე რაგბი“-ს მომდევნო სეზონზე ტურნირს დაუბრუნდეს და ამის მიზეზი მსოფლიო თასზე იაპონელთა წარმატებაა.

„ნიუსჰაბის“ (NewsHub) მიხედვით, სამხრეთული რაგბის მმართველი ორგანო „სანზაარი“ (SANZAAR) გადაწყვეტილებას პარასკევს, 25 ოქტომბერს მიიღებს.

აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც იაპონიამ ჯგუფურ ეტაპზე ირლანდია და შოტლანდია დაამარცხა, პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო თასს მეოთხედფინალურ ეტაპზე, სამხრეთ აფრიკასთან (3:26) მატჩში გამოეთიშა.

შოტლანდიისა და იაპონიის დაპირისპირებას თვალი 54.8 მილიონმა ადამიანმა ადევნა – უფრო მეტმა, ვიდრე 2002 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, რომელიც იოკოჰამაში გაიმართა.

ახალზელანდიელ მწვრთნელთა წყვილი – ტონი ბრაუნი და ჯემი ჯოსეფი იაპონური რაგბის წარმატების მთავარი შემოქმედები არიან და სწორედ მათი გარჯა აღმოჩნდა იმის საფუძველი, რომ „სანზაარი“ თავდაპირველ გადაწყვეტილებას გადახედავს.

სამხრეთული რაგბის მმართველმა ორგანომ წელს განაცხადა, რომ „სანვულვზი“ „ზე რაგბი“-ში 2020 წლიდან აღარ იასპარეზებდა. შეიცვალა ტურნირის ფორმატიც, გაუქმდა კონფერენციები და 15-ის ნაცვლად 14 გუნდი იბრძოლებს საუკეთესოს ტიტულისთვის.