იაპონური მედიის ცნობით, ტოკიოს პოლიცია საქართველოს ელჩის მძღოლზე შესაძლო თავდასხმას იძიებს
იაპონური მედიის ცნობით, ტოკიოს პოლიცია საქართველოს ელჩის მძღოლზე შესაძლო თავდასხმას იძიებს

ტოკიოს პოლიცია იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას მძღოლზე შესაძლო თავდასხმას იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, უცნობი მამაკაცი ელჩის მანქანის წინ გაჩერდა და მძღოლის მხრიდან კარი გააღო. ინციდენტის შედეგად, არც საქართველოს ელჩი და არც მძღოლი არ დაშავებულან.

საქართველოს ელჩმა იაპონიაში ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ თავდამსხმელი ყვიროდა, თუ რომელი ქვეყნიდან იყვნენ ავტომობილში მსხდომი პირები. ქართველი დიპლომატის თქმით, არ იცის, იყო თუ არა მასზე მიზანმიმართული თავდასხმა, თუმცა დასძინა, რომ ძალადობა მიუღებელია.

იაპონური მედიის ცნობით, საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვების პატივისცემა მნიშვნელოვანია და არსებითია. საელჩოს ავტომობილზე თავდასხმის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს თავად თეიმურაზ ლეჟავაც და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება იაპონიის სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამის თანამშრომლობას.