იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მოადგილე იაპონიაში საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მოადგილე იაპონიაში საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მოადგილე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2025 წლის 26 მაისს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მოადგილემ, მაცუმოტო ჰისაშიმ მონაწილეობა მიიღო იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაში და წარმოთქვა სიტყვა იაპონიის მთავრობის სახელით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საპარლამენტო მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ იაპონია და საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგის მშენებლობაში.

„1992 წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორმა ქვეყანამ სტაბილურად ააშენა მეგობრული ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ფართო გაცვლების გზით“, – განაცხადა მაცუმოტომ.

გარდა ამისა, საპარლამენტო მინისტრის მოადგილემ გამოთქვა მადლიერება ყველას მიმართ, ვინც წვლილი შეიტანა იაპონია-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში, მათ შორის ელჩის, ლეჟავას მიმართ, რომელმაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იაპონიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლებაში.

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ მეგობრული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება და რომ ორმხრივი ურთიერთობები, რომელთაც მნიშვნელოვანი პოტენციალი და პერსპექტივა აქვთ, კიდევ უფრო განვითარდება.