იაპონიის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად ფუმიო კიშიდა აირჩია
იაპონიის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად ფუმიო კიშიდა აირჩია

იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად ფუმიო კიშიდა აირჩია. საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში ჩატარებული კენჭისყრის თანახმად, კიშიდა კანდიდატურას მხარი 458 დეპუტატიდან 311-მა დაუჭირა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის არჩევისას პარლამენტში ზედა პალატასთან შედარებით უპირატესობა ქვედა პალატას ენიჭება და სწორედ მისი კენჭისყრის შედეგი განსაზღვრავს მთავრობის ახალ ხელმძღვანელს. ამ წუთებში ​კიშიდას კანდიდატურაზე ხმის მიცემის პროცედურა იაპონიის პარლამენტის ზედა პალატაში მიმდინარეობს.

იაპონიის პარლამენტის ორივე პალატას ლიბერალ-დემოკრატიული პარტია აკონტროლებს. იაპონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი პარლამენტის ქვედა პალატის დათხოვნას 14 ოქტომბერს გეგმავს და იაპონიაში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ფუმიო კიშიდა 2012-2017 წლებში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.