იაპონიის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფმა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის სისტემის“ შემოღებაზე მსჯელობა დაიწყო
იაპონიის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფმა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის სისტემის“ შემოღებაზე მსჯელობა დაიწყო. ეს სისტემა ქვეყნის მიერ ანტიჯაშუშური კანონმდებლობის შემუშავების პირველი ეტაპია. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური მედია ავრცელებს.
სისტემის თანახმად, ფიზიკური პირები და ორგანიზაციები, რომლებიც იაპონიაში უცხოური მთავრობების დავალებით ან მათთან გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე ლობისტურ საქმიანობას ეწევიან, ვალდებული იქნებიან, იაპონიის მთავრობაში დარეგისტრირდნენ.
როგორც მედია წერს, ტოკიო იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით მსგავსი საქმიანობის გამჭვირვალობას გააუმჯობესებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა ეროვნული სადაზვერვო სტრატეგიის შემუშავებას, შესაძლოა, მიმდინარე საბიუჯეტო წელსვე შეუდგეს. მანამდე ექსპერტთა პანელი რეგისტრაციის სისტემასთან დაკავშირებით წინადადებებს შეიმუშავებს. მთავრობა იმედოვნებს, რომ შესაბამის კანონპროექტს მომავალი წლის პარლამენტის სესიისას წარადგენს.
იაპონიის ეროვნული პოლიციის სააგენტოს წარმომადგენელის განცხადებით, მავნე განზრახვით ჩადენილი ქმედებებისთვის სასჯელის დაწესება აუცილებელია.
„ბოლო წლებში პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებული საქმიანობა გაიზარდა, ამიტომ კანონმდებლობა რაც შეიძლება მალე გვჭირდება“, – განაცხადა წარმომადგენელმა.
შეხვედრაზე მთავრობამ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ მსგავსი სამართლებრივი სისტემების მაგალითები წარმოადგინა, რომლებიც შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მოქმედებს.