იაპონიის ახალი პრემიერი ოქტომბრის დასაწყისში მაიკ პომპეოსთან ტოკიოში შეხვედრას გეგმავს
იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრას ტოკიოში ოქტომბრის დასაწყისში გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, მაიკ პომპეო ტოკიოში ვიზიტისას იაპონიის, ავსტრალიისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართავს მოლაპარაკებებს. მთავარი თემა „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა, ასევე თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონი იქნება.
ამასთან, ხვალ იაპონიის ახალ პრემიერ-მინისტრს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი აქვს დაგეგმილი.
იაპონიის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად იოშიჰიდე სუგა 16 სექტემბერს დაამტკიცა. იაპონიაში მთავრობის ხელმძღვანელის ცვლილება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც შინძო აბემ გასულ თვეში თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
იოშიჰიდე სუგა შინძო აბეს მინისტრთა კაბინეტის მთავარი მდივნის თანამდებობას იკავებდა.