იაპონიის ახალ პრემიერსა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა
იაპონიის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს, იოშიჰიდე სუგასა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„მე მას ვუთხარი, რომ იაპონიისა და აშშ-ის ალიანსი რეგიონში სტაბილურობისა და სიმშვიდის საფუძველია, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობაზე შევთანხმდით. პრეზიდენტმა მითხრა, რომ შემიძლია, მას ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში დავურეკო თუ ამის საჭიროება დადგა“, – განუცხადა სუგამ ჟურნალისტებს.
იაპონიაში მთავრობის ხელმძღვანელის ცვლილება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც შინზო აბემ გასულ თვეში თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
ქვეყნის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა გადაწყვეტილების საფუძვლად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.
წლების განმავლობაში იოშიჰიდე სუგა მინისტრთა კაბინეტის მთავარი მდივნის თანამდებობას იკავებდა, რაც იაპონიის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის შემდეგ ყველაზე მაღალი თანამდებობაა.