იაპონიაში ვაქცინაციის პროცესი ხვალიდან იწყება
იაპონიაში ვაქცინაციის პროცესი ხვალიდან იწყება

იაპონიაში ვაქცინაციის პროცესი ხვალიდან დაიწყება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

იაპონიაში იმუნიზაციის პროცესი 40 ათასი ექიმისა და 100 საავადმყოფოს ექთნებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინის გაკეთებით დაიწყება.

„ამ 40 000-დან 20 000 ექიმს და ექთანს თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ტემპერატურის, თავის ტკივილისა და ნებისმიერი რამის შესახებ, რაც მათ დაემართებათ, დღიურის წარმოება ვთხოვეთ. ჩვენ მათ 21 დღის განმავლობაში დავაკვირდებით და ისინი ვაქცინის მეორე დოზის მიღებას 10 მარტიდან დაიწყებენ“, – განაცხადა იაპონიის ვაქცინის გავრცელების უწყების ხელმძღვანელმა.

ვაქცინაციის პირველი ეტაპის შემდეგ, პროცესი 3.7 მილიონი ექიმისთვის, ფარმაცევტისთვის, ექთნისთვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მძღოლისა და სხვა სამედიცინო მუშაკებისთვის ვაქცინის გაკეთებით გაგრძელდება. ქვეყანაში ხანდაზმულებისთვის იმუნიზაციის პროცესი აპრილში დაიწყება. იაპონიის მთავრობა წლის განმავლობაში მოსახლეობის ვაქცინაციის დასრულებას ისახავს მიზნად.