იაპონიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა
იაპონიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

იაპონიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ათობით ადამიანი კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შვიდი დაღუპული დღეს გამთენიისას კურასიკის დასახლებაში აღმოაჩინეს.

იაპონიაში 5 ივლისიდან გადაუღებლად წვიმდა. სტიქიამ ყველაზე მეტად ჰიროსიმას მიმდებარე დასახლებები დააზიანა, სადაც დატბორილია საცხოვრებელი სახლების უმეტესობა. ძლიერმა წვიმის შედეგად ზოგიერთ რეგიონში მეწყერი ჩამოწვა. ხელისუფლება შიშობს, რომ მეწყრული პროცესები შესაძლოა კიდევ განვითარდეს.

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, 2 000-ზე მეტ ადამიანი სახლის გარეშე დარჩა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სულ ორ მილიონამდე მოსახლის ევაკუაციის განკარგულება გასცა.

სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 54 ათასამდე ადამიანი, მათ შორის სამხედრო და სამართალდამცველი პირები. ადიდებულმა მდინარეებმა საავადმყოფო დატბორა, რის გამოც შენობიდან 170 პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გარკვეულ დასახლებებთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ იაპონიის დასავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმა მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში დაგეგმილი ვიზიტები გადადო.