იაპონიაში მოქალაქეები და ტურისტები ქვეყნიდან გამგზავრებისას 9 დოლარს გადაიხდიან
იაპონიდან გამგზავრების დროს მოქალაქეები და უცხოელი ტურისტებიც 9 დოლარს გადაიხდიან. ახალი გადასახადის დაწესების შესახებ ინფორმაციას Nikkei Asian Review ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ეს თანხა თვითმფრინავისა და გემის ბილეთის ფასს დაემატება. გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან 2 წლამდე ასაკის ბავშვები და ის მგზავრები, რომლებიც იაპონიაში ტრანზიტით ჩადიან და ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს არ ჩერდებიან.
იაპონიის მთავრობა ვარაუდობს, რომ ამ გადასახადით ქვეყნის ბიუჯეტი 50 მილიარდი იენით შეივსება. თანხა ტურიზმის განვითარებაზე და ქვეყნის მიმზიდველობის გაზრდაზე დაიხარჯება.
კერძოდ, აღნიშნული გადასახადით იაპონიის მთავრობა სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციას, ქვეყნის ღირშესანიშნავი ადგილების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და საზღვარზე ადამიანის სახის ამომცნობი კამერების დამონტაჟებას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი ახალი გადასახადი, რომელიც იაპონიამ უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში შემოიღო.