იაპონიაში მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს
იაპონიაში მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იაპონიაში მოსალოდნელი მეგამიწისძვრის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა.
განცხადებაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიფხიზლე შეინარჩუნონ, თუმცა ხაზგასმულია, რომ გაფრთხილება არ ნიშნავს, რომ მიწისძვრა გარდაუვალია.
ეს გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც იაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. თუმცა, ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგანაც ამ მიწისძვრის ეპიცენტრი ნანკაის ღრმულის სიახლოვეს, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობდა, რომელიც იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივაა გადაჭიმული.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბოლოს ამ ადგილას მომხდარი მიწისძვრის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა. ე.წ. მეგამიწისძვრები ყოველ 90-200 წელიწადში ერთხელ ხდება. უკანასკნელად ასეთი სტიქია 1946 წელს აღრიცხეს.
„ბიბისისთან“ საუბარში ექსპერტები აცხადებენ, რომ არსებობს 70-80%-იანი ალბათობა, რომ უახლოეს 30 წელიწადში ნანკაის ღრმულის ტერიტორიაზე 8 ან 9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდეს.