იაპონიაში კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინო წარადგინეს
იაპონიაში კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინო წარადგინეს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია ქართული ღვინის მწარმოებელმა 14-მა კომპანიამ წარადგინა.

კვების პროდუქტებისა და სასმელების 44-ე საერთაშორისო გამოფენა (FOODEX JAPAN) ტოკიოში 5-8 მარტს ტარდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 2015 წლიდან ეძლევათ. წლევანდელ გამოფენაში სხვადასხვა ქართული ღვინის კომპანიები იღებენ მონაწილეობას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობა წარმოადგენს იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების, ასევე დისტრიბუტორი იაპონური კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას.

FOODEX JAPAN 1976 წლიდან ტარდება და  აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „რედ ბრიჯის“ (Red Bridge) ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის გამართა.

ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაჭავარიანი და საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი დაესწრნენ.