იაპონიაში ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ტაიფუნს 10 ადამიანი ემსხვერპლა
იაპონიაში ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ტაიფუნს 10 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაკარგულად ითვლება. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, „ჰაგიბისი“ ბოლო 60 წლის განმავლობაში იაპონიაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.

ნახევარ მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. წყალდიდობისა და მეწყერის საფრთხის გამო, შვიდ მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლების მიტოვება მოუწია. შეწყდა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა. გაუქმდა ათასზე მეტი ავიარეისი.

სტიქიის გამო იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ მთავრობის საგაგნგებო სხდომა გამართა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მუშაობს ადამიანებს სიცოცხლისა და საკუთრების გადასარჩენად.

ტაიფუნმა იაპონიის სანაპიროს, ტოკიოდან სამხრეთ-დასავლეთით 12 ოქტომბერს მიაღწია და ჩრდილოეთისკენ აიღო გეზი. ქარის სიჩქარე საათში 225 კილომეტრს აღწევს.

იაპონიაში ტაიფუნის გამო გაუქმდა სპორტის ღონისძიებები, კერძოდ „ფორმულა 1“-ის გრან-პრის ღონისძიებების ნაწილი და რაგბის მსოფლიო თასის რამდენიმე მატჩი.