იაპონიაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ძლიერი სიცხის გამო შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, შვიდი ათასზე მეტი კი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგანგებო სამსახურები ავრცელებენ. სულ 5 აგვისტოდან იაპონიაში სიცხეს 30 ადამიანი ემსხვერპლა.
იაპონიის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის უკიდურესად მაღალი ტემპერატურაა დაფიქსირებული, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს აღემატება. გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობა ასაკიანი ადამიანები არიან.
იაპონიის ხელისუფლება მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს. კერძოდ, რეკომენდებულია გარეთ თავსაბურავით სიარული, სიცხეში გარეთ გასვლისგან თავის შეკავება და ბევრი სითხის მიღება.
გასულ წელს ძლიერი სიცხის გამო იაპონიაში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.