სახელმწიფო კამერული გუნდი და ანსამბლი „ბასიანი“ იაპონიაში კონცერტებს გამართავენ
2026 წლის 14 დეკემბერს ტოკიოს მეტროპოლიტენის თეატრის საკონცერტო დარბაზში სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის, „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება. იაპონელი მსმენელის წინაშე შესრულდება როგორც ქართული ტრადიციული მუსიკა, ისე თანამედროვე საგუნდო ნაწარმოებები. 15 დეკემბერს კი ქალაქ უშიკუში ანსამბლი „ბასიანი“ სოლო კონცერტს გამართავს.
ანსამბლი „ბასიანი“ იაპონელ მსმენელს ქართული მრავალხმიანობის ნიმუშებს – ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს წარუდგენს. სახელმწიფო კამერული გუნდი კი ქართულ საგალობლებსა და პროფესიულ საგუნდო მუსიკას შეასრულებს. რეპერტუარში წარმოდგენილი იქნება გია ყანჩელის, იოსებ კეჭაყმაძის, ზვიად ბოლქვაძისა და იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებები. გუნდების სოლისტებთან ერთად, კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ზვიად ბოლქვაძე და ვადიმ შიშკინი.
ღონისძიებები გაიმართება იაპონური ორგანიზაციის, Min-On Concert Association-ის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, კერძოდ, იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით.
კონცერტების პროგრამა: 14 დეკემბერი | ტოკიო, ღონისძიება: Spirit of Georgia – სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი. ადგილი: Tokyo Metropolitan Theatre Concert Hall, დასაწყისი: 19:00 საათი (კარი გაიღება 18:30 საათზე).
15 დეკემბერი | უშიკუ (იბარაკის პრეფექტურა). ანსამბლ „ბასიანის“ სოლო კონცერტი, რომელიც ეძღვნება ქალაქ უშიკუსა და ქალაქ თელავის დამეგობრებას და უშიკუს დაარსებიდან 40 წლის იუბილეს. ადგილი: Ushiku City Central Lifelong Learning Center Culture Hall, დასაწყისი: 19:00 საათი (კარი გაიღება 18:30 საათზე).
იაპონიაში სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტები 14 და 15 დეკემბერს გაიმართება.