იაპონია ტანკერების დასაცავად ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხომალდს და საპატრულო თვითმფრინავებს გაგზავნის
იაპონია ტანკერების დასაცავად ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხომალდს და საპატრულო თვითმფრინავებს გაგზავნის

ნავთობის ტანკერების დასაცავად იაპონია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხომალდს და საპატრულო თვითმფრინავებს გაგზავნის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს კაბინეტის მიერ დამტკიცებული გეგმით, რეგიონში სამხედრო ვერტმფრენებით აღჭურვილი სამხედრო ხომალდი და სამი ერთეული „პი-3სი“-ს ტიპის თვითმფრინავი გაიგზავნება. იაპონიის თავდაცვის მინისტრის, ტარო კონოს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებული ინდივიდუალური ზომაა, თუმცა რეგიონში თვითმფრინავების და ხომალდის გაგზავნის საკითხი ტოკიომ ვაშინგტონთან და რეგიონის ქვეყნებთან განიხილა.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. აშშ-ის მოკავშირე იაპონია ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს ირანთან, რომელმაც საკუთარი საპატრულო ოპერაცია დაიწყო და აშშ-ის ხელმძღვანელობით დაწყებულ მისიას არ შეუერთდა. იაპონიის ოპერაციის ზონა ომანის ყურე, ჩრდილოეთ არაბეთის ზღვა და ადენის ყურე იქნება და იაპონიის ხომალდი და თვითმფრინავები ორმუზის სრუტეში არ შევლენ. მისია სავარაუდოდ 2020 წლის თებერვალში დაიწყება.