იაპონელი მეღვინეები საქართველოში ვაზის ჯიშებსა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ
იაპონელი მეღვინეები საქართველოში ვაზის ჯიშებსა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ

საქართველოში ვიზიტით იაპონელი მეღვინეები იმყოფებოდნენ. ისინი ქართულ ღვინოსა და ღვინის კულტურას კახეთსა და ქართლში გაეცნენ.

ჯგუფის შემადგენლობაში იყო იაპონიის მთავარი გამოცემა Mainichi Shimbun-ის ჟურნალისტი ნიშიკავა მეგუმი, რომელიც ქართული ღვინის კულტურის შესახებ სტატიას ამზადებს.

საქართველოში სტუმრობის პერიოდში იაპონელი მეღვინეები ეწვივნენ ღვინის საწარმოებსა და მარნებს: „ალავერდის მონასტერი“, „ორგო/თელედა“, „ბაბანეურის მარანი“, „შუხმანის ღვინოები“, „შატო მუხრანი“, „თელავის ღვინის მარანი“ და „მეღვინეობა შუმი“, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოები.

მექვევრე ზაზა კბილაშვილთან გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიასა და პროცესს..

სტუმრები ასევე ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის 8 000 წლიან ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ჯიღაურაში, სადაც ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ.

იაპონელი მეღვინეების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის ადგილზე გაცნობა. თავის მხრივ, მათ ქართველი მეღვინეები მიიწვიეს იაპონიაში, სადაც ასევე რამდენიმე იაპონელი მეღვინე ღვინოს აყენებს საქართველოდან გაგზავნილ ქვევრში.

სტუმრები ასევე დაინტერესდნენ იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშის „კოშუს“, ქართულ წარმომავლობასთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევებით. კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის, „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში, საფრანგეთის მონპელიეს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის (INRA Montpellier) ლაბორატორიაში გაგზავნილია „კოშუს“ რქა დნმ-ის ანალიზისთვის, რათა მისი წარმომავლობის მეცნიერული შესწავლა და დადასტურებ ამოხდეს.

საქართველოში იაპონელი მეღვინეებისა და ჟურნალისტის ტური ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ჩართულობით განხორციელდა.

ბოლო წლებში იაპონია გამოიკვეთა ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს რამდენიმე წელია ახორციელებს.

შედეგად, გაიზარდა ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც – 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებულია 167 ათასამდე ბოთლი ღვინო (ზრდა 124%).

დატოვე კომენტარი