იაპ დე ჰოოპ სხეფერი - პუტინის რადიკალიზაცია საქართველოს შესახებ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია
იაპ დე ჰოოპ სხეფერი - პუტინის რადიკალიზაცია საქართველოს შესახებ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგია, – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა სატელევიზიო გადაცემა Nieuwsuur-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ბუქარესტის სამიტის კომუნიკეს გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ნატო-მ საქართველოსა და უკრაინას კარი გაუღო, პუტინი მასთან პირადად მივიდა და უთხრა: „ბატონო გენერალურო მდივანო, ეს არასდროს მოხდება“.

იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი ლობირებდა, ხოლო გერმანიის კანცლერი წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ, ალიანსმა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისთვის კარი ღია დატოვა.

როგორც ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი წლების შემდეგ აცხადებს, მან სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის რეაქცია და მას მეტი უნდა გაეკეთებინა, რათა მხარეებს შორის ბალანსი შენარჩუნებულიყო.

სხეფერის თქმით, პუტინის რადიკალიზაცია ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.

მისივე თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2014 წლის ყირიმის უკანონო ანექსია ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენებია.

„დასავლეთი რუსეთის წითელ ხაზებს პატივისცემით უნდა მოეკიდოს. ნატო-ს სწრაფმა გაფართოებამ ხელი შეუწყო პუტინის აგრესიულ პოზიციას პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – ამბობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი.