სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში სადებიუტო სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და 2022 წლის საზაფხულო ლიგაზე თამაშის შემდეგაც დიდი მოწონება დაიმსახურა. არაერთი სპორტული გამოცემა მის გამოსვლაზე წერს და პოტენციალზე ამახვილებს ყურადღებას.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მისთვის მუდმივი სათამაშო დროის მოძებნა რთულია, მაგრამ ამერიკული გამოცემა behindthebuckpass-ი ფიქრობს, რომ ასეთი პოტენციალის მქონე მოთამაშეს მომავალში მეტი შანსი მიეცემა და „მილუოკი ბაქსიც“ მას მალე სტანდარტულ კონტრაქტს გაუფორმებს. სტატიას უცვლელად გთავაზობთ.
„სადებიუტო სეზონში „მილუოკი ბაქსის“ შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილს მუდმივი სათამაშო დრო არ ჰქონდა.
„სეტონ ჰოლის“ ყოფილმა მოთამაშემ 41 თამაშში, რეგულარული სეზონის მატჩების 50%-ში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 9.9 წუთს თამაშობდა. მიუხედავად ამისა, როცა მამუკელაშვილი თამაშობდა, რამდენიმე მომენტში მისი პოტენციალი გამოანათებდა – იქნებოდა ეს დომინანტური ჩატენვა, სწრაფი პასი თუ დაცვაში კარგად თამაში, დებიუტანტმა ლიმიტირებულ დროში პერსპექტივა გამოაჩინა.
ამ პოტენციალის გამო, გულშემატკივრებს სურდათ, რომ მამუკელაშვილი NBA-ის 2022 წლის საზაფხულო ლიგაზე უფრო მეტი სათამაშო დროით ენახათ. 23 წლის კალათბურთელმა იმედები გაამართლა და საშუალოდ 27.9 წუთში 17 ქულას, 8.8 მოხსნას, 2.4 პასს, 1.4 ჩაჭრასა და 1 დაფარებას აკეთებდა. მამუკელაშვილის ვარსკვლავურმა ხუთმა თამაშმა საზაფხულო ლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვედრაც დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ 5 თამაში იყო, მამუკელაშვილმა დაამტკიცა, რომ ამ დონეზე დიდი პოტენციალი აქვს.
სანდრო მამუკელაშვილის პოტენციალმა „მილუოკი ბაქსი“ უნდა მოხიბლოს
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „მულუოკი ბაქსს“ NBA-ში გასული რამდენიმე სეზონის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული გუნდი ჰყავდა, ახალგაზრდა მოთამაშის დამატება კარგია. დონტე დივინჩენცოს გარდა, „ბაქსი“ იშვითად ეყრდნობოდა რომელიმე ახალგაზრდა მოთამაშეს, მაგრამ დრაფტზე 24-ე ნომრად მარჯონ ბუშემპის დამატების შემდეგ, ეს შეიცვლება. ბუშემპის გარდა, მამუკელაშვილის სახით „მილუოკი ბაქსს“ კიდევ ჰყავს პოტენციალით სავსე ახალგაზრდა მოთამაშე. მამუკელაშვილს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ კარგი მოთამაშე გაიზარდოს – „ბაქსმა“ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს და განავითაროს ის როგორც ცენტრი გრძელვადიან პერსპექტივაში.
სტატისტიკით მამუკელაშვილმა გვაჩვენა, რომ შეუძლია „ბაქსს“ მოერგოს ცენტრის პოზიციაზე. პირველ რიგში, ის სამქულიანების ფანტასტიკური მსროლელია – მან სადებიუტო სეზონში 52-დან 22 ჩააგდო (42.3%) და 21-დან 10 (47.6%) 2022 წლის საზაფხულო ლიგაზე. 211 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელი არასდროს ერიდებოდა შორიდან სროლას და მისი კარგი სამქულიანი შესანიშნავად ერგება იანის ანტეტოკუნმპოს. საიდუმლო არაა, რომ „ბაქსი“ სპეციალურად ირჩევს ბრუკ ლოპესისა და ბობი პორტისის მსგავს ცენტრებს, რომლებსაც პარკეტზე სივრცის შექმნა შეუძლიათ, რაც იანისს შეტევაში მეტ საშუალებას აძლევს. მამუკელაშვილმა კი გვაჩვენა, რომ ლიმიტირებულ დროშიც შეუძლია ამ როლის მორგება.
კარგ მსროლელთან ერთად, მამუკელაშვილი კარგად ხსნის ბურთებს და შესანიშნავი მეპასეც არის. მამუკელაშვილი საზაფხულო ლიგაზე თამაშში საშუალოდ თითქმის 9 მოხსნას აგროვებდა – ის მეტოქის და თავის ფარზეც ხსნიდა ბურთებს. აშკარაა, რომ „ბაქსი“ მოხსნებს ყურადღებას აქცევს და მამუკელაშვილს შეუძლია მათ ამ მხრივ წინსვლაში დაეხმაროს. სხვა ცენტრებისგან განსხვავებით, მამუს ბურთის ტარება შეუძლია – ის საზაფხულო ლიგაზე ხშირად იწყებდა თავისი გუნდის შეტევებს. 211 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელის პოვნა, რომელსაც ბურთის ტარების და პასის უნარიც აქვს, რთულია და ვინ იცის, შეიძლება ის კიდევ უფრო განვითარდეს.
მისი პოტენციალიდან გამომდინარე, მამუკელაშვილს, რა თქმა უნდა, განვითარება შეუძლია. ყველაზე მეტად მას დაცვაში გაუმჯობესება სჭირდება და მას ეს შეუძლია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იანის ანტეტოკუნმპოს, ჯრუ ჰოლიდეისა და დაცვაში კარგი რეპუტაციის მქონე არაერთი სხვა კალათბურთელისგან შეუძლია სწავლა.
მიუხედავად იმისა, რომ მამუკელაშვილს სეზონის პირველივე თამაშიდან შანსი არ მიეცემა, ცუდი არ იქნება მისი შემადგენლობაში ყოფნა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 34 წლის ბრუკ ლოპესმა ცოტა ხნის წინ სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც წინა სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 35 წლის გახდება. სერჟ იბაკაც 32 წლისაა და მისმა საუკეთესო პერიოდმა უკვე ჩაიარა. ბობი პორტისი ჯერ ახალგაზრდაა, ის 27 წლისაა და „ბაქსმა“ მასთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით დანარჩენ ორზე. ლოპესს და იბაკას შეუძლიათ დაეხმარონ „ბაქსს“, მაგრამ რამდენიმე კითხვა არსებობს მათ მომავალთან დაკავშირებით – რამდენი ხანი დარჩებიან ისინი გუნდში. მამუკელაშვილის პოტენციალის მქონდე მოთამაშის ყოლა შემადგენლობაში კარგია, განსაკუთრებით მაშინ როცა ამ პოზიციაზე გაურკვევლობაა.
საბოლოო ჯამში, „ბაქსი“ უბრალოდ გააგრძელებს მამუკელაშვილის განვითარებას G ლიგაში და NBA-შიც. ის ორმხრივი კონტრაქტით გააგრძელებს თამაშს, მაგრამ საზაფხულო ლიგაზე ასეთი გამოსვლის შემდეგ, გასაკვირი არ იქნება, რომ სტანდარტული კონტრაქტი გაუფორმონ. კარგი ჟესტის გარდა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ გუნდი მის პოტენციალს ხედავს და შესაძლებლობას მისცემს, რომ შემდეგი სეზონიდან „ბაქსში“ მუდმივი სათამაშო დრო ჰქონდეს.“
სანდრო მამუკელაშვილი ახლა საქართველოს ნაკრებთან ერთად სლოვენიაში იმყოფება და მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპისა და ევრობასკეტის მატჩებისთვის ემზადება.