სანდრო მამუკელაშვილი - ვეცდები, წელს NBA-ში ჩემი რეკორდი გავაუმჯობესო #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილი - ვეცდები, წელს NBA-ში ჩემი რეკორდი გავაუმჯობესო #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სლოვენიაში შეკრებაზე იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატის  საკვალიფიკაციო ეტაპისა და ევრობასკეტისთვის ემზადება. მანამდე ჩვენი გუნდი კი ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

„მილუოკი ბაქსის“ ქართველმა მძიმე ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა ონლაინ-პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საინტერესო კითხვას უპასუხა.

რატომ გადაწყვიტე გამხდარიყავი კალათბურთელი?

„ყველაზე მეტად მომეწონა სპორტის ეს სახეობა, ვიპოვე ისეთი რაღაც, რაც სხვა სპორტის სახეობებში ვერ ვიპოვე. ბებიაჩემი კალათბურთელი იყო, ჩემი ძმა ბავშვობაში კალათბურთს თამაშობდა, მამაჩემიც კალათბურთს თამაშობდა. მეც რომ ვცადე, ძალიან დამაინტერესა და რაღაც სიყვარული ვიპოვე, რაც სხვა სპორტის სახეობების მიმართ ვერასდროს გავიჩინე. თავიდან კალათბურთით რომ დავიწყე, არ მომეწონა და სხვა სპორტის სახეობები ვცადე, მაგრამ მერე ისევ კალათბურთს დავუბრუნდი, რაც იმას ნიშნავდა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო.“

საქართველოში დარჩენა ან უცხოეთში სათამაშოდ წასვლა

„პირველ რიგში, ბევრი მუშაობა, თავდადება და მონდომება გჭირდება. საქართველოს კალათბურთი წლების განმავლობაში უფრო და უფრო ყალიბდება, მეტი საშუალება გეძლევათ, რომ თავი გამოიჩინოთ, შესაბამისად, საქართველოშიც შეგიძლია დარჩე და თავი გამოიჩინო, რამდენიმე მოთამაშე ასეთი იყო. მაგრამ როცა მიდიხარ უცხოეთში სათამაშოდ, უფრო დიდ ლიგებში გიწევს თამაში, თამაშობ სხვადასხვა ეროვნების ხალხთან, რაც უფრო გეხმარება, რომ განვითარდე. მაგრამ, ჩემი აზრით, საქართველოს ფედერაციას ძალიან კარგად უჭირავს გეზი იმისკენ, რომ აღარ მოგიწიოს უცხოეთში წასვლა.“

„კალათბურთი მენტალური სპორტია, სადაც ხშირად ჩავარდნა გაქვს ხოლმე. ისე არ წავა 90% როგორც შენ გინდა და მქონია ისეთი მომენტები, რომ ვერ ვითამაშე და ისე არ წავიდა ჩემი სეზონი, როგორც მე მინდოდა და თავს დავხრიდი ხოლმე, მაგრამ ერთადერთი რაც ამერიკაში ვისწავლე არის ის, რომ არასდროს არ შეიძლება შენ თავს ნეგატიურად მიმართო, სულ პოზიტიურად უნდა.“

ბავშვობის კუმირი

„ბავშვობაში ბევრი კუმირი მყავდა, ლებრონი მათ სათავეში იდგა, მაგრამ ასევე მიყვარდა ტონი კუკოჩი, მონტა ელისი, დენის როდმანი – როცა იზრდები სხვადასხვანაირად ფიქრობ, მაგრამ კობის და ლებრონს გამოვარჩევდი. ლებრონის გულშემატკივრობის გამო ხანდახან ვამბობდი, რომ კობი არ არის ძლიერი, მაგრამ შემდეგ გავიაზრე რა მაგარი მოთამაშე იყო და რა მაგარი მენტალური ძალა ჰქონდა, რომ გადაელახა ბევრი რამ თავის კარიერაში. ლებრონს თამაშზე რომ ხედავ და მის ენერგიას გრძნობ ხვდები, რა მაგარი მოთამაშეა და რა სიძლიერე აქვს. შეხედულება შემეცვალა იანისის მიმართ – სანამ „მილუოკიში“ მოვხვდებოდი იანისი მეგონა, რომ გადაფასებული მოთამაშე იყო და ახლა შემიძლია ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, ის არის გაუჩერებელი და საუკეთესო.“

საქართველოს ნაკრები

„საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის დიდი პატივია. სულ დავდიოდი ნაკრების თამაშებზე, პატარა ვიყავი, ცინცაძე მაშინაც ნაკრებში იყო და მასთან ერთად თამაში ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ასევე ვუყურებდი სულ თორნიკეს, მაგრამ გავიზარდე ზაზას და ვიქტორ სანიკიძის ყურებაში. სულ ვცდილობდი იმიტაცია გამეკეთებინა იმის, რასაც თამაშზე აკეთებდნენ, ამიტომაც იქ ყოფნა მეგობრების და ოჯახის გარემოცვაში ბევრს ნიშნავს ჩემთვის და დიდი სტიმულია. 3-4 ნაკრებისგან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ როგორც ვთქვი, სულით და გულით ქართველი ვარ, გავიზარდე საქართველოს ნაკრების ყურებაში, კალათბურთის მიმართ სიყვარული ვიპოვე როცა სპორტის სასახლეში საქართველოს ნაკრებს ვუყურებდი, ჩემი ოჯახიც აქ იყო და ორი აზრი არ იყო სად უნდა წავსულიყავი – როგორც კი საშუალება მომეცა, რომ მეორე პასპორტი ამეღო, მაშინვე საქართველო ავირჩიე.“

ზაზა ფაჩულია

„ზაზა ამერიკაში მიაჩნიათ როგორც ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად. იცოდა ზუსტად მისი როლი – რა უნდა გაეკეთებინა, იხარჯებოდა 100%-ით. „მილუოკიში“ ზაზა ყველას უყვარს, ძალიან კარგი სახელი აქვს დატოვებული. ის სულ მირეკავს, სულ მეხმარება. რაიმე კითხვა თუ მაქვს პირველი მას ვურეკავ. ძალიან მაგარი პროფესიონალი იყო, ახლა ჩემი მრჩეველი და დიდი ძმა არის. სადაც მას უთამაშია ყველგან უყვართ, რადგან სულ ბოლომდე იხარჯებოდა და გუნდს მოსაგებად რაც სჭირდებოდა იმას აკეთებდა.“

ქართული რეკორდი NBA-ში

„28 ქულის ნაცვლად 30 უნდა ყოფილიყო, რადგან ბოლო ლეი-აფი რომ ვისროლე არ ჩამითვალეს, მაგრამ არაუშავს. ვეცდები ამ წელს, რომ 28 ქულა გავაუმჯობესო. იმ მომენტში არ ვიცოდი, რომ რეკორდი იყო, უბრალოდ ვთამაშობდი და არ ვაქცევდი არაფერს ყურადღებას. თამაშის მერე ვნახე, რომ დედაჩემს ჰქონდა მოწერილი – „გილოცავ, საქართველოს რეკორდი 27 ქულა იყო, ზაზას ჰქონდა გაკეთებული და შენ 28 გაქვს“, – ეს რომ გაიგეს ჩემმა გუნდელებმა თვითმფრინავში, კრის მიდლტონმა ზაზას დაურეკა და ხუმრობით ეუბნებოდა, რომ მისი რეკორდი მოიხსნა და აღარ იყო საუკეთესო. ძალიან სასაცილო იყო, რადგან მთელი თვითმფრინავი, ვინც მას იცნობდა ეხუმრებოდა. ზაზას კი თამაშის მერე ველაპარაკე და კმაყოფილი იყო.“