იანიკ ნოა - „ვინც ახალ ტურნირს დევისის თასს ეძახის, მატყუარაა“
იანიკ ნოა - „ვინც ახალ ტურნირს დევისის თასს ეძახის, მატყუარაა“

 

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა იანიკ ნოამ, დევისის თასის ფინალში ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ, სასტიკად გაააკრიტიკა 118-წლიანი ისტორიის გუნდური ტურნირის რეფორმა, იტყობინება „ტენის ნაუ“ (Tennis Now).

ამ სეზონში დევისის თასი ძველი წესებით ბოლოჯერ გათამაშდა. 2019 წლიდან ტურნირი ჩატარების სქემას შეიცვლის – თებერვალში ჩატარდება შესარჩევი მატჩები (სახლი-გასვლა სისტემით), ხოლო ნოემბერში გაიმართება ფინალური სტადია, რომელშიც 18 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ყველა თამაში ჩატარდება სამსეტიანი ფორმატით და არა ხუთიანით, როგორც ადრე.

ხორვატიასთან მარცხის შემდეგ, ნოამ კაპიტნობაზე უარი განაცხადა.

„ეს ჩემი ბოლო პრესკონფერენციაა“, – განაცხადა მან, – „ჩემთვის ჩოგბურთი დამთავრდა. მე გაწბილებული ვარ. ტურნირი გაგრძელდება, მაგრამ ნუ დაუძახებს მას დევისის თასს. სამ სეტიანი მატჩები? ეს ნამდვილად არაა დევისის თასი. ვინც ახალ ტურნირს ძველ სახელს დაუძახებს, მატყუარა იქნება. არაფერი არ იქნება ისე, როგორც ადრე იყო“.

იანიკ ნოას, როგორც ჩოგბურთელს, დევისის თასი არასდროს მოუგია, კაპიტნის რანგში კი სამჯერ აქვს მოგებული.