იან რაითი - სოლსკიაერმა დე ხეა სკამზე უნდა დასვას
იან რაითი - სოლსკიაერმა დე ხეა სკამზე უნდა დასვას

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა უნდა დაამტკიცოს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა სკამზე უნდა დასვას, – აცხადებს ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი იან რაითი.

ბოლო მატჩებში დე ხეამ შეცდომებს მოუხშირა და ერთ-ერთი მათგანის „წყალობით“, 28 აპრილს, მანჩესტერ იუნაიტედმა ჩელსის დამარცხება ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა გოლკიპერი დაიცვა და განაცხადა, რომ მსგავსი შეცდომა ნებისმიერ მეკარეს შეიძლება მოუვიდეს.

„თუ მას მართლა სურს საკუთარი სიტყვის თქმა გუნდში და დამტკიცება, რომ დიდი გადაწყვეტილებების მიღების არ ეშინია, მაშინ დე ხეა შემადგენლობიდან უნდა ამოაგდოს“, – აცხადებს რაითი, – „სოლსკიაერი პირადად უნდა დაელაპარაკოს მას და აუხსნას, რაში მდგომარეობს მისი შეცდომა და რატომ ამოვარდა ის ძირითადი შემადგენლობიდან“.

დე ხეას კონტრაქტი მანჩესტერ იუნაიტედთან ამ ზაფხულს იწურებოდა, თუმცა გუნდმა კონტრაქტში გათვალისწინებული პუნქტი აამოქმედა და ესპანელს კიდევ ერთი წლით იტოვებს.