იან ოლბრიხტი - ოჯახის დეფინიციისა და სექსუალური უმცირესობის საკითხის საკანონმდებლო გადაწყვეტა ვერ მოხდება ერთიან ევროპულ დონეზე
იან ოლბრიხტი - ოჯახის დეფინიციისა და სექსუალური უმცირესობის საკითხის საკანონმდებლო გადაწყვეტა ვერ მოხდება ერთიან ევროპულ დონეზე

ოჯახის დეფინიციისა, თუ სექსუალური უმცირესობის საკითხის საკანონმდებლო გადაწყვეტა ვერ მოხდება ერთიან ევროპულ დონეზე, რადგან ეს ეხება თითოეული სახელმწიფოს პირად კანონმდებლობას, – ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრმა იან ოლბრიხტმა განაცხადა, რომელიც ​EPP-ის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თბილისში სამოქალაქო და სასულიერო საზოგადოებასთან რელიგიის საკითხებზე დისკუსიებს მართავს.

მისი თქმით, ევროკავშირში ამ თემაზე დებატები მიმდინარეობს და ნათელი საკანონმდებლო იდეა ჯერ მზად არ არის, თუმცა  ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხი თითოეულმა ქვეყანამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს.

„ჩვენ საქართველოში უფრო მოსასმენად ჩამოვედით, ვიდრე რაიმეს სასწავლებლად. ამ მიმართულებით გვაქვს პირადი და არც თუ ისე მარტივი გამოცდილება ევროკავშირში, რადგან რასაც ევროკავშირში ახლა თვალს ვადევნებ, სამოქალაქო დებატების პროცესია, სადაც განსხვავებული იდეები ისმის. ერთი მხრივ, გვაქვს ქრისტიანულ კულტურასა და ფესვებზე დაფუძნებული ღირებულებები, მეორე მხრივ, კი სეკულარული იდეები. ესაა მოცემულობა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-შიც.

დებატები მიმდინარეობს, ახლა კითხვა იმაშია, რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე. ევროკავშირში ჩვენი გადაწყვეტილება იყო ის, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა დავუტოვოთ ინდივიდუალურად ქვეყნებს, რადგან მათ აქვთ თავიანთი კანონმდებლობა. მაგალითად, ოჯახის დეფინიციის საკითხი, ეს უნდა გადაწყვიტონ თავად, ჩვენთვის ეს პრინციპული საკითხია, რაც ეროვნულ დონეზე უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ეს იმაზეც არის დამოკიდებული, ვინ არიან პოლიტიკოსები. ზოგი ჩვენგანი უფრო მეტად ორიენტირებულები ვართ ქრისტიანულ დემოკრატიაზე, მაგალითად მე. ნაწილი კი ეთიკისა თუ მორალის მიმართ უფრო ლიბერალურ დამოკიდებულებებს ავლენს. ჩემი აზრით, ოჯახის დეფინიციისა თუ სექსუალური უმცირესობის თემაზე საკანონმდებლო გადაწყვეტა ვერ მოხდება ერთიან ევროპულ დონეზე, რადგან ეს ეხება თითოეული სახელმწიფოს პირად კანონმდებლობას.

დებატები პროცესშია და ევროკავშირს ჯერ არ აქვს ნათელი საკანონმდებლო იდეა ამის შესახებ. თუმცა რაზეც ყველა თანხმდება არის ის, რომ ჩვენ უნდა ავირიდოთ თავიდან დისკრიმინაცია, ამ აზრს ყველა ვიზიარებთ. ამ საკითხებზე ვმსჯელობთ საქართველოშიც და გვინდა ჩვენი იდეები აქაც გავაზიაროთ” – აღნიშნა EPP-ის წევრმა, იან ოლბრიხტმა.

„ეკლესიისა და რელიგიური გაერთიანებების როლი ევროინტეგრაციის პროცესში – საქართველოსა და ევროკავშირის პერსპექტივიდან” – ამ თემაზე სამსჯელოდ საქართველოში EPP-ის რელიგიისა და კულტურათაშორისი დიალოგის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის წევრები ჩამოვიდნენ.

დღის განმავლობაში ისინი სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების გარდა, სასულიერო პირებსა და კანონმდებლებსაც შეხვდებიან და საქართველოში რელიგიური მიმართულებით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს განიხილავენ.