იან კელი - შეერთებულ შტატებს კანონიერი ემიგრაციის კარგი ადმინისტრირება სურს
იან კელი - შეერთებულ შტატებს კანონიერი ემიგრაციის კარგი ადმინისტრირება სურს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა „მწვანე ბარათის“ გათამაშების შესაძლო შეჩერების საკითხზე „მოამბის“ კითხვას უპასუხა. იან კელი აღნიშნავს, რომ საკითხზე ამერიკის კონგრესმა უნდა იმსჯელოს და ამის მიხედვით გადაწყდეს, შევა თუ არა ძალაში ინიციატივა გათამაშების გაუქმებაზე, ან მისი შეცვლილი სახით ამუშავებაზე.

„ეს არის კონგრესის მანდატი. იქნება დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა შევძლოთ შტატებში ემიგრაციის მართვა. მე ვფიქრობ, რომ აშშ-ს სურს კანონიერი ემიგრაციის კარგი ადმინისტრირება და რა თქმა უნდა, ეს იქნება განხილვის საგანი თეთრ სახლსა და კონგრესს შორის. ეს კონგრესის გადასაწყვეტია, თუ როგორ გაართმევს თავს ლეგალური იმიგრაციის საკითხს. ჩვენ რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ კონტაქტს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ასე რომ მე არ ველოდები ჩვენს შორის კონტაქტებისა თუ მოგზაურობის კუთხით რაიმე შეზღუდვებს, მაგრამ საკითხზე იქნება უფრო ღრმა დისკუსია კონგრესსა და თეთრ სახლს შორის, თუ როგორ გავართვათ საკითხს თავი“, – განუმარტა „მოამბეს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ.

„მწვანე ბარათის“ გათამაშების შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრები მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა საემიგრაციო სისტემაში მკაცრი ცვლილებები დააანონსა. თუმცა, ამ დროისთვის გათამაშება კვლავ ძალაშია.

წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეებს შესაბამისი დოკუმენტაციების შეტანა 22 ნოემბერამდე შეუძლიათ.