იაგო ხვიჩიამ უმრავლესობას მიმართა - გავაგრძელოთ ურთიერთობა, როგორც თანასწორმა ადამიანებმა, მე მინდა თქვენთან თანამშრომლობა
იაგო ხვიჩიამ უმრავლესობას მიმართა - გავაგრძელოთ ურთიერთობა, როგორც თანასწორმა ადამიანებმა, მე მინდა თქვენთან თანამშრომლობა

გვინდა, რომ ეს პარლამენტი უკეთესი გავხადოთ და მიხარია, რომ, ზოგადად, მმართველი პარტიის რიტორიკა, რაღაც თვალსაზრისით, არის შეცვლილი, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე.

იაგო ხვიჩიამ ​უმრავლესობის წევრებს მიმართა: „მოდით, გავიაზროთ, ვინ მიაყენა ამ პარლამენტს ყველაზე დიდი რეპუტაციული ზიანი და რა ფაქტორები იყო ის, რის გამოც ამ პარლამენტს ასეთი ზიანი მიადგა. დავიწყოთ ოპოზიციით, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობით“, რომლებიც აქ რომ იყვნენ, მაშინაც კი იძახდნენ, რომ ეს პარლამენტი ბუტაფორიაა, გაყალბებულია, ჩვენ ტყუილად ვართ, ანუ, ზოგადად ხდებოდა „გაპუსწიაკება“ ამ პარლამენტის მთელი ოპოზიციის ლიდერშიფის მიერ. რა ხდებოდა ხელისუფლების მხრიდან: ზუსტად იმავეს და უფრო წარმატებით აკეთებდა ხელისუფლება მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, არაფერზე არ ლაპარაკობდა გარდა „ნაცებთან“ ჩხუბისა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დეპუტატის თქმით, არც ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა სერიოზული მსჯელობა.

„ვერ მოვისმინე კონკრეტული პოზიცია, ვის რა უნდოდა მმართველი ძალიდან, რომ ამ პარლამენტისგან გამოსულიყო, რა საკითხზე იყო წამსვლელი, რის რეფორმას აკეთებდა მართლა, ოღონდ არა სატელევიზიოდ, არამედ მართლა. ამისთვის ხომ „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი არ ყოფილა მზად. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, რა იყო ამის მიზეზი, ზოგადად, აქამდე რა ხდებოდა. მაგრამ მე მგონია, რომ მთავარი პრობლემა, რომელიც მდგომარეობს ამ პარლამენტის, მდგომარეობს იმაში, რომ „ქართული ოცნების“ წევრები, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება, არავის არ მიიჩნევდა მის თანასწორად და კონკრეტულად, არასდროს არ შემოდიოდა თანასწორ საუბარში.

ჩემი აზრით, ეს თუ ასე გაგრძელდა, არაფერი არ გამოვა აქედან. მინდა, რომ როგორც მე გეპყრობით პატივისცემით და სერიოზულად გისმენთ, როდესაც რაღაც გაინტერესებთ, ზუსტად იგივე ხდებოდეს ჩვენს შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უფრო მდიდრები ხართ, უფრო მეტი წარმატება გინახავთ ცხოვრებაში, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც ამ დარბაზში არავინ არ ეუბნება როდის შემოვიდეს, როდის გავიდეს, რას დააჭიროს ხელი, რა აზრი გამოთქვას და ეს არავისთან არასდროს არ თანხმდება, გარდა იმ ხალხისა, ვინც ამ აზრს უშუალოდ ამბობს.

მოდი, გავაგრძელოთ ურთიერთობა, როგორც თანასწორმა ადამიანებმა და როცა მე დავინახავ იმას, რომ თქვენ მართლა დაგაინტერესათ რამემ, რასაც ოპოზიცია ლაპარაკობს, ჩემი აზრით, მაშინ იქნება ეს პარლამენტი. მე მინდა თქვენთან თანამშრომლობა იმიტომ, რომ ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს დასმული საკუთარ თავთან შეკითხვა – რა გვინდა, ერთი საკითხი მაინც, რომელიც ჩვენი გაკეთებული იყოს, რომელსაც შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვებით, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ჩვენ ტყუილად არ ვმსხდარვართ, აი, ამისთვის ვიბრძოდით. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ხელისუფლებაში, რომელიც დამოუკიდებლად იაზროვნებს ასე, მით უფრო წარმატებული იქნება ეს პარლამენტი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.