იაგო ხვიჩია - ზოგადად, მაინტერესებს საკუთარ თავზე ჭორები, მაგრამ არასერიოზულია, რომ „გირჩი“ ვინმესთან კოალიციას განიხილავს
წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გაჟღერდა ეს ვერსია, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „ლელომ“, „გირჩმა“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ ცალკე გაერთიანება შექმნან.
„ზოგადად, მაინტერესებს ხოლმე საკუთარ თავზე მოსმენილი ჭორები. სერიოზულად როგორ ვამტკიცო ის, რაც ზუსტად ვიცი, რომ არ ხდება. ამ წუთას ხდება ის, რომ ჩვენ ოპოზიციასთან ერთად ვართ და ნებისმიერი დაყოფა ოპოზიციის შიგნით დასუსტებად მიგვაჩნია და პირიქით, ოპოზიციის გაძლიერებისკენ მივდივართ. ამის იქით ისედაც ვთანამშრომლობდით სხვადასხვა პარტიებთან და ზოგადად, კოალიციაზე ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს. ანდაზა რომ არის, ჩამოხრჩობილის ოჯახში, თოკზე არ ლაპარაკობენო, ზუსტად ასე ვსაუბრობთ ჩვენ კოალიციაზე. განა პოლიტიკაში რამე უნდა გამორიცხო ოდესმე, მაგრამ ის, რომ ახლა „გირჩი“ ვინმესთან კოალიციას განიხილავს, არასერიოზულია“, – განაცხადა ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
მისივე თქმით, მთელი ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩათვლით, არის „საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ“.
„უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, მთავარი ოპოზიციური პარტიის გარეშე ეს ბრძოლა როგორ შეიძლება, გაგრძელდეს. მაგრამ თუ ის გაგრძელდება, სიტყვაზე, ასეთი თემა დადგება, მაშინ, „გირჩი“ იქნება ცალკე, არანაირ კოჰაბიტაციაზე საუბარი ჩვენთან არ ყოფილა ზოგადად და ჩვენ ცუდად გვაქვს დაცდილი კოალიციები, ამიტომ „გირჩი“ იქნება ცალკე. მაგრამ რაც შეეხება საერთო ოპოზიციურ ძალას, იქ „გირჩი“ არის დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, როგორც „ნაცმოძრაობასთან“, ისე „ევროპულ საქართველოსთან“ და კიდევ სხვა პარტიებთან. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, ჩვენგან განსხვავებულ პარტიებთან. ის რომ ურთიერთობებისა და ლაპარაკის დროს ვინ კარგად უგებს ერთმანეთს, ეს მე მგონი, სხვა საკითხია და ეს კოალიციას არ უკავშირდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას კომენტარზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „ლელოს“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ უფრო ახლოს აქვთ შეხედულებები.
„ჩვენ ოთხთანაც ვართ ჩართული და ყველასთან ვართ ჩართული. ჩვენ ზოგადად ოპოზიციაში ყველასთან ვლაპარაკობთ. ანუ ესეთი პარტია ვართ, როგორც ოთხ პარტიასთან, ისე ხუთ პარტიასთან, ექვს პარტიასთან. მაგრამ კოალიციას არ განვიხილავთ არავისთან. განვიხილავთ ყველასთან, საქმიან შეთანხმებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და უპირველესად, განვიხილავთ „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური პარტია, რომელმაც 27% აიღო არჩევნებზე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ყველა პარტიასთან, რომ მათთან საერთო ვიპოვოთ და ერთმანეთი გავაძლიეროთ. თუ ვერ ვიპოვით, მაშინ „გირჩი“ დარჩება დამოუკიდებელ მოთამაშედ და მას ექნება თავისი პოლიტიკური განვითარების დამოუკიდებელი გზა. პროცესი გვაჩვენებს. თუმცა იმ გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ბრძოლაში ასევე ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ოპოზიციასთან ერთად ვიბრძვით“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს იაგო ხვიჩიამ.