იაგო ხვიჩია - ვიდრე არ ვიცი, რა არის გეგმა და რატომ არის ბოიკოტი მნიშვნელოვანი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, გავაგრძელებ საქმიანობას
იაგო ხვიჩია - ვიდრე არ ვიცი, რა არის გეგმა და რატომ არის ბოიკოტი მნიშვნელოვანი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, გავაგრძელებ საქმიანობას

ვიდრე არ ვიცი, რა არის გეგმა და რატომ არის ბოიკოტი მნიშვნელოვანი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის, გავაგრძელებ საქმიანობას, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ვიდრე ზოგადად არ ვიცი, რა არის გეგმა; პირობითად, უნდა ვიცოდე, ამას რა მოჰყვება და ეს შედეგი რატომ არის მნიშვნელოვანი იმ ბრძოლისთვის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს ხელისუფლების წინააღმდეგ – ეს უნდა ვიცოდე, ვიდრე სულ მცირე, ნაბიჯს გადავდგამ. ისევე, როგორც სულ მაინტერესებდა, რა იყო გაგრძელებები იმ შემთხვევისთვის, თუ ოპოზიცია ვერ მოიგებდა ან არ მოაგებინებდნენ არჩევნებს. ამაზე პასუხად გავიგეთ ის, რომ პარლამენტის ბოიკოტია გზა. ამან რომ შედეგს ვერ მიაღწიოს, მერე რა იქნება. ვიდრე ამ პასუხებს არ გავიგებ, მე გავაგრძელებ საქმიანობას, იმ საქმიანობას, რომელიც მგონია მნიშვნელოვანი და ვივლი იმ საქმეების განსახილველად, რომელიც ჩვენთვის არის საინტერესო და ჩვენი გულშემატკივრებისთვის არის საინტერესო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას განაცხადებით, მან არ იცის, რა შეიცვლება ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ სადეპუტატო მანდატზე უარის თქმით. როგორც ხვიჩია ამბობს, პროცესს მხოლოდ ინტერესის თვალით შეუძლია, დააკვირდეს.

„არ ვიცი, რას შეცვლის და სწორედ ამიტომ არ ვმონაწილეობ ამაში. იქედან გამომდინარე, რომ არ ვიცი, არავის არ აუხსნია, რას ელოდებიან, რა უნდა შეცვალოს, რა იქნება წარმატება და წარუმატებლობა. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ინტერესით შემიძლია დავაკვირდე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ხვიჩია ამბობს, რომ ამ საკითხის მიმართ უკვე ინტერესი დაკარგა.

„ვფიქრობ ყველას ესმის ამ თემის მნიშვნელობა, მაგრამ იმდენი ხანი ვილაპარაკეთ ამაზე, „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი ხანი გვაწუწუნა, ჯერ ორპროცენტიან ბარიერზე, შემდეგ სამ პროცენტამდე მივიყვანოთო, უბრალოდ ინტერესი დავკარგე ამ საქმის მიმართ. ვემზადებით იმისთვის, რომ რამდენიც არ უნდა იყოს ბარიერი, ის უნდა გადავლახოთ და არ ვიყოთ დამოკიდებული ამათ კეთილ ნებაზე, რადგან ესენი ზოგადად ერთმანეთზე კონკურსით და ჯიბრით ყველაფერს გააფუჭებენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.