როცა შენ „კლანის“ მიერ ხარ არჩეული და შენი გზა, რითაც პარლამენტამდე მოხვედი, „კლანზე“ გავიდა, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის დაკმაყოფილება საკმაოდ რთულია, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„ეს ხელისუფლება მოვიდა წინა ხელისუფლების მძაფრი კრიტიკით და დევიზით, რომ ის ხელისუფლება უსამართლოა და სამართლიანი ხალხი მოვდივართო. ახლა, ჩვენ აქ იმ ხელისუფლების მიერ შერჩეული მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესების საკითხს ვიხილავთ. ნომინალურადაც შეუძლებელია კეთილსინდისიერებაზე კამათი, როცა ასეთი სიტუაცია გაქვს და შენი სასამართლო ხელისუფლება ასე შერყვნილია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, მოსამართლეებთან გასაუბრების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობა საერთოდ სხვაგანაა, განვითარდა და სხვა მოთხოვნები აქვს, ხოლო მოსამართლეები საბჭოთა მოსამართლეებად დარჩნენ, რომელთა მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოთა დაბალანსება კი არ არის, არამედ ის, რომ გაბატონებული პოლიტიკური ძალის ძალაუფლება შეინარჩუნონ.
„მათ ეს მოვალეობა ჰქონდათ წინა ხელისუფლების დროს და ახლაც ეს მოვალეობა აქვთ. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ამ მოსამართლეებს შეკითხვებს უსვამენ, ისინი მშვიდად ამბობენ – ჩვენ ხვალაც გავაგრძელებთ უდანაშაულო ადამიანების ციხეში რამდენიმე წლით გაშვებას და მერე შეგვიძლია, მშვიდად ვიცხოვროთ, ოჯახში მივიდეთ, ბავშვებს ჩავეხუტოთ და გავუღიმოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, როცა სისტემას ადამიანის ციხეში ჩასმა უნდა, ქართულ სასამართლოს არასოდეს გადაუხვევია სისტემის მიერ მითითებული ბრძანებისთვის, არც ახლა, არც მიხეილ სააკაშვილის, არც ედუარდ შევარდნაძის და არც კომუნისტების მმართველობის დროს.
„მას არასოდეს შესწევდა ძალა, ხელისუფლების შტოები ეკონტროლებინა, ხოლო სასამართლო, რომელიც ხელისუფლების შტოებს, ძირითადად, აღმასრულებელ ხელისუფლებას ვერ აკონტროლებს, საერთოდ არ არის სასამართლო. ამ ქვეყანაში სასამართლოს ეს არასოდეს უკეთებია“, – განაცხადა ხვიჩიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ კანდიდატთა განცხადებებს, რომლებმაც მოსმენებზე თქვეს, რომ მათი ყველა გადაწყვეტილება კანონიერი იყო და დღესაც, გადაწყვეტილებას რომ იგივე კანონით და იგივე კონტექსტში იღებდნენ, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ამ არგუმენტის ძალა სამყაროში მაშინ დამთავრდა, როცა ეს არგუმენტები ფაშისტმა მოსამართლეებმა ნიურნბერგის პროცესზე თქვეს.
„ფაშისტების მიერ ებრაელების დახოცვა და ადამიანების საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნა კანონის ძალით, კანონიერად განხორციელდა, კანონიერად დანიშნული მოსამართლეების მიერ, გერმანული სახელმწიფოს მიერ შედგენილი კანონების შესაბამისად. ამიტომ, როდესაც ჯერ კანონმდებლობით მოაწყობ სასაკლაოს, მერე ამ კანონებს აღასრულებ შენივე მოსამართლეების მიერ, რომლებსაც ხელისუფლების კონტროლის ნაცვლად ავტოკრატების მიერ მიღებული კანონების აღსრულება ევალებათ, პოზიტივისტური არგუმენტი არ მუშაობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელი მოსამართლეები, რომლებიც ისე იქცეოდნენ, როგორც ქართველი მოსამართლეები და იგივე არგუმენტები ჰქონდათ, რომ ჩვენ კანონს ვასრულებდითო, ნიურნბერგის პროცესზე დაისაჯნენ. ეს ჩვენმა მოსამართლეებმაც ძალიან კარგად იციან. უბრალოდ, სამწუხაროდ, მათ სხვა არგუმენტი არ აქვთ. ისინი ქართველ ხალხს თვალებში ვერ უყურებენ. ჩვენ გვყავს მოსამართლეები, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს ცხრა წლით ციხეში უშვებდნენ. საღამოს კი, სახლში მიდიოდნენ და ვითომ არაფერი, ბავშვებს ეთამაშებოდნენ. ზოგი პარლამენტში გამოდის ახლა და ზოგი მანამდე, გასაუბრებებზე იყო. ჩვენ ასეთი არაადამიანი მოსამართლეები გვყავს. აი, სწორედ ეს არაადამიანურობა, ანტიადამიანურობა ჩანს იმ გამოსვლებში, რომელსაც თვეებია, ვუყურებთ, ჯერ იუსტიციის საბჭოში, ახლა კი პარლამენტში“, – განაცხადა ხვიჩიამ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რას შეცვლის ბოლოდროინდელ შეწყალებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადადგომა, რასაც ის მოითხოვს და თვლის თუ არა, რომ ეს აქტი პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იქნება, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვადის ბოლომდე ვერ მიაღწევს.
„ჩვენ პრეტენზიები ყველა პრეზიდენტთან გვქონია, მაგრამ მსგავსი არაადეკვატური პრეზიდენტი არასოდეს გვყოლია. ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილი იმ მასშტაბის არაადეკვატურია, რომ არც კი შეიძლება, საკუთარ ქმედებებზე პასუხი მოეთხოვოს; ჩვენ პასუხი იმ ხალხს უნდა მოვთხოვოთ, ვინც ის მოგვიყვანა და თავზე დაგვასვა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი პრობლემა პირველივე წელს გახდა არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ამ ქვეყნისთვის. ექვსი წლის მანძილზე ის უამრავ პრობლემას მოგვიტანს. ამიტომ, ვფიქრობ, მას მაინც მოუწევს გადადგომა. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, სალომე ზურაბიშვილისნაირი არაადეკვატური პრეზიდენტი ექვსი წლის განმავლობაში ავიტანოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.