იაგო ხვიჩია - პრეზიდენტი ზელენსკი ჩემნაირი ადამიანების მთავარსარდალიც არის
იაგო ხვიჩია - პრეზიდენტი ზელენსკი ჩემნაირი ადამიანების მთავარსარდალიც არის

მესმის, რომ ომის დროს შეიძლება, ყველა გაღიზიანდეს რომელიმე დეპუტატის, პრემიერ-მინისტრის ან თანამდებობის პირის განცხადებით, მაგრამ მინდა, ვუთხრა პრეზიდენტ ზელენსკის, ჩემი აზრით, ქართველ ხალხს ისეთი არაფერი დაგვიშავებია, რომ ამ მძიმე დროს, ელჩის გაწვევა იყოს ერთადერთი გამოსავალი, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიური ანგარიშით წარდგა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მთავარსარდალია.

„ჩემი დღევანდელი გამოსვლა მინდა არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ უკრაინის პრეზიდენტის მიმართ დავგეგმო. პრეზიდენტის, რომელიც ვფიქრობ, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მთავარსარდალია. პრეზიდენტი ზელენსკი ჩემნაირი ადამიანების მთავარსარდალიც არის. მე დარწმუნებული ვარ, თქვენნაირი ადამიანების მთავარსარდალიც არის. დარწმუნებული ვარ, ამ დარბაზში, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გულშემატკივრობენ უკრაინას და პრეზიდენტ ზელენსკის. ადამიანს, რომელიც ახლა როგორც გმირი, ისე ებრძვის ბოროტებას. ჩვენ ამ ბოროტების შესახებ ბევრი რამ ვიცით. სულ მცირე ორასი წელია, რაც ჩვენ რუსეთს ვებრძვით, ფაქტობრივად თავგანწირულად. ამ ორასი წლის განმავლობაში არ ყოფილა ოცი წელიც კი, როცა რუსეთს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულად არ დაეშავებინოს. ეს ქვეყანა ჩვენთვის ძალიან ცნობილია.

მე მესმის, რომ ომის დროს შეიძლება, ყველა გაღიზიანდეს რომელიმე დეპუტატის, პრემიერ-მინისტრის ან თანამდებობის პირის განცხადებით, მაგრამ მინდა, ვთხოვო პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ჩემი აზრით, ჩვენ, ქართველ ხალხს არაფერი დაგვიშავებია ისეთი, რომ ამ მძიმე დროს, უკრაინისთვის, საქართველოსთვის, მთელი სამყაროსთვის ელჩის გაწვევა იყოს ერთადერთი გამოსავალი. მინდა, მიუხედავად გაბრაზებისა, ემოციისა, ბევრი არასწორი განცხადებისა, ჩვენი ჩხუბისა, მაშინ, როცა ამის დრო არ არის, ვთხოვო უკრაინის ხელისუფლებას, რომ ნუ ჩააგდებენ ახლა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში. მაშინ, როდესაც ჩვენ ძალიან გვჭირდება უკრაინელი ხალხის დახმარება და თანადგომა, ისევე როგორც პირიქით. ჩემი აზრით, ყველანი შევთანხმდებით იმაზე, რომ ამ დარბაზში უკრაინას ვგულშემატკივრობთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ვიღაც ადამიანს სრულიად სამართლიანად ეშინია რუსეთის აგრესიის, მაგრამ ჩვენ ვიმსახურებთ მხარდაჭერას თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხისგან, თავისუფლებისთვის მებრძოლი პრეზიდენტისგან. შეიძლება, არ ვიმსახურებთ დღევანდელი აწმყოს გამო, შეიძლება, უკეთესად უნდა მოვქცეულიყავით წინა დღეების განმავლობაში, მაგრამ ვიმსახურებთ ჩვენი წარსულის, ჩვენი წინაპრების გამო და ვიმსახურებთ იმ სისხლის გამო, რომელიც არანაკლებ დაგვიღვრია რუსეთთან ბრძოლაში, ვიდრე რომელიმე ქვეყანას. იმისთვის, რომ ჩვენ ეს შანსი გამოვიყენოთ, რომელიც უკრაინის გმირული ბრძოლის შედეგად გაჩნდა სამყაროში, ჩვენ გვჭირდება რაღაცების გათვალისწინება, გვჭირდება პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რჩევის გათვალისწინება შერიგებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.