იაგო ხვიჩია - ოპოზიციის არასწორი ქმედებების შედეგად, „ქართული ოცნება“ არის ძალიან მოღონიერებული და „გაბლატავებული“, არავის აქვს უფლება, პარლამენტის წევრი გარიცხოს
ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ დეპუტატების პარლამენტიდან გარიცხვა არ არის სწორი.
„გირჩის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ არავის აქვს უფლება, პარლამენტის წევრს შეუჩეროს უფლებამოსილება.
„ადამიანს თანამდებობიდან ის ათავისუფლებს, ვინც დანიშნა. შესაბამისად, არავის აქვს უფლება, პარლამენტის წევრი პარლამენტიდან გარიცხოს, რადგან ეს უფლება არც ერთ ჩვენს კოლეგას ერთმანეთისთვის არ მიუნიჭებია, ეს უფლება მოსახლეობამ მიანიჭა. შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსი მოგვწონდეს ან არა, ეჭვი გვეპარებოდეს კონკრეტული ამომრჩევლის გემოვნებაში, მაგრამ ჩვენი საქმე არ არის არც ერთი დეპუტატის პარლამენტიდან გარიცხვა. საპარლამენტო ცხოვრებაში არასახარბიელო ფურცელი იქნება ის, რომ საკუთარი კოლეგის გარიცხვას, თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხარს უჭერს. დარწმუნებული ვარ, როცა მომავალში საკუთარ ცხოვრებას გადახედავენ, ამით არ იამაყებენ და შვილიშვილებს არ მოუყვებიან, საკუთარი კოლეგა როგორ გარიცხეს.
სამ დეპუტატთან დაკავშირებით სამი განსხვავებული შემთხვევა გვაქვს – ელენე ხოშტარია ამას თავად ითხოვს. შალვა ნათელაშვილი წელიწად-ნახევარია შატალოთი არის დაკავებული, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი ამომრჩეველი ღირსიც კი არის, სამი წელი პარლამენტში ნათელაშვილს უსმინოს და ის არ უნდა გავრიცხოთ. ბადრი ჯაფარიძის საკითხი საერთოდ არაფერში წერია, რადგან ის ნასამართლევიც კი არ არის. მას არც კი ჰქონია საშუალება, სასამართლოში იმაზე ემსჯელა, რაშიც გაამტყუნეს. მისი არც ერთი უფლება არ შეზღუდულა და ჩვენ პარლამენტიდან ვუშვებთ, რაც არასწორი ქმედება იქნება საპარლამენტო ცხოვრებაში. ზუსტი მოტივი რა შეიძლება იყოს მისი პარლამენტიდან გაშვების, ვერ გეტყვით. არჩევნების შემდეგ და ოპოზიციის არასწორი ქმედებების შედეგად, „ქართული ოცნება“ არის ძალიან მოღონიერებული და „გაბლატავებული“, რაც სხვადასხვა ცუდ ქცევებში გამოიხატება. ბადრი ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვებაც ასეთი ცუდი ქცევაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტმა დღეს შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.