იაგო ხვიჩია - კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი პარლამენტში, მთავარი იქნება შვიდი საკითხი, რომელზეც ვიბრძოლებთ ამ შენობაში, დერეფნებშიც, დერეფნის მიღმაც
იაგო ხვიჩია - კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი პარლამენტში, მთავარი იქნება შვიდი საკითხი, რომელზეც ვიბრძოლებთ ამ შენობაში, დერეფნებშიც, დერეფნის მიღმაც

„გირჩის“ წარმომადგენლები – ვახტანგ მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია და ალექსანდრე რაქვიაშვილი პარლამენტში მივიდნენ.

როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ისინი პარლამენტის შენობაში იბრძოლებენ იმ შვიდი საკითხისთვის, რომელიც „გირჩს აწუხებს.

„კეთილი იყოს „გირჩის“ ფეხი საქართველოს პარლამენტის შენობაში, ჩვენ პარლამენტის შენობაში შემოვედით იმ გზის აღსასრულებლად, რომელიც გამოვაქვეყნეთ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ერთი მხრივ, ხელისუფლებისკენ იმაზე, რომ ვესაუბროთ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს – შვიდი საკითხი, რომელიც „გირჩს“ აწუხებს. იქნება მთავარი შვიდი საკითხი, რომელზეც „გირჩი“ იბრძოლებს ამ შენობაში, დერეფნებშიც, დერეფნის მიღმაც. როგორც მოუწევს, იმის მიხედვით ჩვენ ვიბრძოლებთ იმ შვიდი საკითხისთვის, რომელიც არის მითითებული „გირჩის გზაში“. ამავდროულად, ჩვენ გვინდა, ვიყოთ ხალხი, რომელმაც უნდა წაახალისოს შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას განმარტებით, პარლამენტის დარბაზში შევლენ, თუ უპირველესად, ხელისუფლება მოაწერს ხელს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტს, ან „გირჩის“  შვიდი საკითხიდან ერთი მაინც დაკმაყოფილდება.

„ჩვენი მეგობრების მიერ წარმოდგენილია დოკუმენტი, რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას. ჩვენი მეგობრები ასე უყურებენ ჩვენს კრიზისიდან გამოსვლას. შესაბამისად, ჩვენ გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს დოკუმენტი აღსრულდეს ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ. თუ ეს დოკუმენტი არ აღსრულდება, იქნება პრობლემა. ვის მიერაც უნდა იყოს გამოწვეული, საბოლოოდ იქნება პრობლემა ამ ქვეყნის და იმედგაცრუება დასავლელი პარტნიორების. აქედან გამომდინარე, სიმბოლურად მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს და ველოდებით უპირველესად ხელისუფლების ხელმოწერას, რომ პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. ამავდროულად, თუ ამას ხელისუფლება არ იზამს, ველოდებით შვიდიდან ერთი საკითხის დაკმაყოფილებას, რათა პირდაპირ შევიდეთ პარლამენტის დარბაზში. ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ კულუარებში ან დერეფანში ველოდებით საკუთარ კოლეგებს, რომ ერთად შევიდეთ პარლამენტის  დარბაზში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.