იაგო ხვიჩია - „გირჩის“ წარმომადგენლები ვწყვეტთ ამ ტიპის დაუმორჩილებლობის აქტს და გვეკეთება პირბადეები დარბაზში
იაგო ხვიჩია - „გირჩის“ წარმომადგენლები ვწყვეტთ ამ ტიპის დაუმორჩილებლობის აქტს და გვეკეთება პირბადეები დარბაზში

გილოცავთ ყველას ამ შეთანხმების მიღწევას, საკუთარ თავსაც, ჩემს ოპონენტებსაც, ხელისუფლებასაც, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, მისი სურვილია, შეთანხმებამ იმედი არ გაუცრუოს ქართულ საზოგადოებას.

„მინდა, მართლა შევრიგდეთ. მე მინდა, რომ ნიკა მელია იყოს აქ, თან მალე და მზად ვარ, ეს პროცესი ჩვენი შერიგებით დაიწყოს. მინდა, რომ ამ დარბაზში მსხდომი ხალხი ერთმანეთის დაჭერაზე, ვიდრე კურთხევად გავცემთ, დავფიქრდეთ, რომ არ გამოგვივიდეს ისე, რომ მოყვასს გავუკეთოთ ის, რაც არ გვინდა, რომ გაგვიკეთონ, მინდა, რომ ამ დარბაზში კეთდებოდეს რეალური პოლიტიკა და მინდა, რომ ეს ნამდვილად იყოს პარლამენტი, დიდი ხანია ეს შენობა არ ყოფილა პარლამენტი რა გაგებითაც მე პარლამენტი წარმომიდგენია, მინდა, რომ შევძლოთ ერთმანეთის მიერ წარმოთქმული საღი აზრის დანახვა; ერთმანეთს არ ვაგინოთ, არ ვცემოთ, მაგრამ ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ ყველაფერზე, რაც გვაწუხებს, გვაწუხებს ჩვენ და აწუხებს ამ ქვეყანას. მე მინდა, რომ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და პატიება. არ შეიძლება ადამიანურობაზე უარის თქმა. მინდა, რომ უდანაშაულო ადამიანები არ ისხდნენ ციხეში. ეს უბრალოდ საშინელებაა და მინდა, მომისმინოთ მომავალში, თუ რატომ მგონია, მაგალითად ნარკოტიკების მომხმარებლები უდანაშაულონი, სისხლის სამართლის მიზნებისთვის, რასაკვირველია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, მისი სურვილია, გადადგან ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად.

„მინდა, გადავდგათ ნაბიჯი ეკონომიკური კრიზისის განსამუხტავადაც. ეკონომიკას არაფერი ეშველება, ვიდრე ადამიანები ჩაკეტილი არიან და მათ ერთმანეთთან ურთიერთობას ვუკრძალავთ. ამიტომ, თუ გვინდა, დავრესტარტდეთ, ადამიანები უნდა გავათავისუფლოთ და ქვეყანა უნდა გავხსნათ. ჩემი სურვილების სანაცვლოდ, პირველ დათმობაზე რომ მე თვითონ წავიდე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვატარებთ პირბადეებს არც ამ დარბაზში და არც სხვაგან, კორექტულობის და მეგობრულობის ნიშნად, ასეთი ტიპის დაუმორჩილებლობის აქტს „გირჩის“ წარმომადგენლები ვწყვეტთ. ამ გამოსვლის შემდეგ გვეკეთება პირბადეები დარბაზში. მადლობა ყურადღებისთვის, იმედი გვაქვს თქვენი თანამშრომლური ურთიერთობის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.