იაგო ხვიჩია – დამანახეთ ის ხალხი, ვინც გვარამიას, ჩერგოლეიშვილის ნათქვამზე ქუჩაში გამოვა და მირბის ვინმეს დასამხობად
დამანახეთ ის ხალხი, ვინც გვარამიასა და ჩერგოლეიშვილის ნათქვამზე ქუჩაში გამოვა, შეიძლება თუ არა მაგ ხალხთან ერთად ვინმეს წინააღმდეგ და, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა? – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ჩერგოს და გვარამიას ნათქვამზე რომ გამოვა, მირბის, ვინმე რომ დაამხოს, უბრალოდ, ეს ხალხი დამანახეთ, როგორ შეიძლება, ასეთი აბსურდი ბუნებაში არსებობდეს?“ – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის პარტიის რეიტინგს შეეხებოდა, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ „ფედერალისტები“ გასაქრობად გამზადებული ნარჩენებია.
„თავის დროზე „ლელოს“ ჰქონდა ასეთი სპეციფიკური წარმოდგენა ქართულ ამომრჩეველზე და ფიქრობდა, რომ 20-დან 40 პროცენტამდე ჰქონდა ხმები და მერე მიიღო სამი პროცენტი. თავის დროზე რომ ვუთხარით ეს ხაზარაძეს, არ მოეწონა და გაიბუტა, თქვენ არ იცით ჩემი შესაძლებლობებიო. ქალბატონმა თამარმა იცის, რომ არიან გასაქრობად გამზადებული პოლიტიკური ნარჩენები, რომელიც, საბოლოო ჯამში, „ალიანსში“ აღმოჩნდა, ერთად არიან ჩაყრილი და, ჩემი აზრით, შემდეგ არჩევნებამდე ერთად ჩაიწმინდებიან. დიდი ხანია, ვამბობთ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი შედგება სამი სუბიექტისგან: ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და „თავისუფალი ხალხის პარტია“, დანარჩენი ყველაფერი არის თქვენს თავგზის ასაბნევად შექმნილი. მათ არ აქვთ არანაირი იდეა, არანაირი მიზიდულობის ცენტრი, არანაირი პრინციპი, უღალატიათ ყველასთვის და ყველაფრისთვის ამ ქვეყანაში. მთავარი პრობლემაც ის არის, რომ ქართველ ხალხს თვალი უნდა აეხილოს, უნდა დაინახოს ეს მარტივი ჭეშმარიტება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.