იაგო ხვიჩია – ჩვენი დაჟინებული ინიციატივა იყო, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი, შეხვედრა შედგა 2025 წლის დაახლოებით ნოემბერ-დეკემბერში, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ჩვენ კიდევ გვინდა მასთან შეხვედრა

01:35, 10.09.2026

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გრძელდებოდა საათზე მეტხანს, ჩაიარა ძალიან მშვიდ, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ გარემოში, ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლისთანავე მისი გუნდის „დაჟინებული ინიციატივა“ იყო ბიძინა ივანიშვილის გაცნობა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ პარლამენტში შევედით, ჩვენი დაჟინებული ინიციატივა იყო, რომ გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი. მოგეხსენებათ, ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ პარლამენტში სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია გვქონდა. მაგრამ კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში ერთხელ მაინც მივდიოდი, ძირითადად მამუკა მდინარაძესთან, ხანდახან ბატონ ირაკლი კობახიძესთან და ვეუბნებოდი, რომ გამაცანით ის კაცი. ეს მეც მესმის, თქვენც გესმით, რომ ის კაცი არის უფროსი. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ხალხმა პარლამენტში აირჩია და ძალიან მინდა ამ კაცის გაცნობა, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია. ხან ხუმრობით იქნებოდა გადატანილი ეს თემა, ხან რაღაც იქნებოდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, მაშინ, როცა არჩევნები დამთავრებული იყო, ანუ ქვეყანაში შედარებით, „ქართული ოცნებისთვის“ ყოველ შემთხვევაში, სტაბილური სიტუაცია იყო, ეს არის 2025 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი, ანუ 2025 წელია ჯერ კიდევ, მაგრამ არჩევნები დამთავრებულია, ნოემბერ-დეკემბერია დაახლოებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში დაუკავშირდა მამუკა მდინარაძე და უთხრა, რომ ეს შეხვედრა გამოვიდოდა.

„მე ეს ძალიან გამიხარდა. ოფისშიც ყველას გაგვიხარდა, პოლიტიკოსებს. სანდრომ მთხოვა, იქნებ გამოვიდეს, რომ მეც გავიცნო ეს კაცი. შესაბამისად, ასე დავგეგმეთ, რომ ეს შეხვედრა არ იქნებოდა მხოლოდ ჩემი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის ან ჩვენი მხრიდან მარტო ჩემი, შესაბამისად – მე და სანდრო რაქვიაშვილი შევხვდით“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სუს-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე. ხვიჩიას განცხადებით, შეხვედრა შედგა თბილისში, ბიძინა ივანიშვილის სახლში და იყო კეთილგანწყობილი, პატივისცემაზე დაფუძნებული.

„შეხვედრა გრძელდებოდა საათზე მეტხანს, ჩაიარა ძალიან მშვიდ, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ გარემოში. ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ. ვილაპარაკეთ როგორც ქვეყნის შიდა სიტუაციაზე, ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ვილაპარაკეთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამ ქვეყანას გააჩნია ზოგადად. მე მაინტერესებდა, პირობითად, იყო თუ არა შესაძლებელი იმ ჩვენ გეგმებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომელიმე შესაძლებელი იყო თუ არა, როგორ უყურებდა ამას „ქართული ოცნება“. მაგრამ ამ საუბარმა მაინც, ვინაიდან პირველად იყო ეს საუბარი და გაცნობა იყო ძირითადი მიზეზი, მაინც უფრო გაცნობითი ხასიათის შინაარსი შეიძინა. ჩვენ ამ ერთი შეხვედრის შემდეგ ვერ დავინახეთ რამე კონკრეტული საკითხები, რომ ახლა ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ამ თემასთან დაკავშირებით და შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ნიშნავს, რომ ცხადია, საჯაროდ ვითანამშრომლოთ, როგორც სხვა საკითხებთან გვითანამშრომლია, როცა ვთანამშრომლობდით. შეიძლება, იმიტომ, რომ ერთი საუბარი ამისთვის არ იყო საკმარისი, კიდევ სხვა, მეტი საუბარია საჭირო. ჩვენ ზოგადად ამიტომაც გვინდა, რომ პარლამენტში ჩვენც ვიყოთ და ძალიან გვინდა, რომ იყოს ბატონი ბიძინა ივანიშვილიც პარლამენტში, რადგან სკანდალი რომ გამოიწვია ახლა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამ, მინდა, რომ ყოველ კვირას ხდებოდეს ეს შეხვედრები იმ ფორმატში, რაც ნაკლებად სკანდალური იქნება და ყურადღებას ძირითადი თემიდან არ გადაიტანს სხვა თემებზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას თქმით, პარლამენტში მისი პარტიის ყოფნის პერიოდში შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილსაც, შეხვედრები ჰქონია გახარიასთანაც და „ლელოსთანაც“.

„ჩვენ მარტო ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ინტერესი კი არ გვქონია. ჩვენ შევხვდით მიხეილ სააკაშვილს, იმ ვადაში, როცა ჩვენ პარლამენტში ვიყავით. მე დაახლოებით რამდენჯერმე ვარ, მაგალითად, გახარიასთან სახლში ნამყოფი შეხვედრაზე. „ლელოსთან“ ბევრჯერ ვარ ნამყოფი შეხვედრაზე. არც ერთი ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებისთვის არ ყოფილა საჯაროდ ცნობილი, რადგან ეს შეხვედრები არ მთავრდებოდა რამე ისეთი კონკრეტული შედეგით, რომლითაც ჩვენ აუცილებლად ჩავთვლიდით, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებასთან უნდა გველაპარაკა. ჩვენ კიდევ გვინდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. მე საერთოდ არ მინდა, რომ იმ კაცს ჩემთან ნალაპარაკები რამე წინ დახვდეს. მე არ ვამბობ, რომ არ ვისაუბრეთ, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, სანდრო რაქვიაშვილს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე რომ ეპასუხა, არ შევხვედრივართო, ამ შეხვედრის შესახებ ვერავინ გაიგებდა.

„ჩვენ არ ვატყუებთ ჩვენს ამომრჩევლებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყავით შეთანხმებული, რომ ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა გასაჯაროებული ამ შეხვედრის შინაარსი და ასე შემდეგ. დედაჩემმაც კი ტელევიზიიდან გაიგო. ჩემი ოჯახის წევრებიდან ჩემმა ძმამ და მამაჩემმა იცოდა მარტო. ჩვენი სათათბიროს წევრთა დიდი ნაწილიც ცოტათი გაბუტულია იმის გამო, რომ მათაც რაღაცნაირად არ იცოდნენ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენგან არ გასულიყო ამ შეხვედრის შესახებ რამე ტიპის ინფორმაცია. არა იმიტომ, რომ რამეს ვმალავდით. არც ახლა გვაქვს არაფერი დასამალი. ვინაიდან ასე წავიდა, ვინაიდან ჩვენ კიდევ გვინდა შევხვდეთ, კიდევ გვინდა ეს გავაგრძელოთ, საერთოდ არ მინდა, რომ რამე ისეთი ვთქვა, ან ისეთ რაღაცაზე ვილაპარაკეთ-მეთქი, საჯაროდ დავასახელო, რაც უბრალოდ არ იქნება მეორე მხარისთვის ან შეთანხმებული, ან მისაღები, ან ასე შემდეგ. იმიტომ, რომ ასეთი შეთანხმებით იყო ზოგადად ეს შეხვედრა. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. მე ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო-მეთქი. ასევე, ჩემი ცხოვრების მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მიხეილ სააკაშვილს რომ შევხვდი ციხეში. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ეს შეგვიძლია ჩვენს პარტიას, რომ შევხვდეთ, როგორც მიხეილ სააკაშვილს, ისე ბიძინა ივანიშვილს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გასაღებიც და გამოსავალიც ამ ქვეყანაში, რომ ამ ხალხმა ერთმანეთთან ლაპარაკი შეძლოს, ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთმანეთთან ლაპარაკი შეძლოს. მინდა, კიდევ საჯაროდ ვთქვა, რომ მე ისევ მზად ვარ, შევხვდე ქართული პოლიტიკის მოთამაშეებს, ყველას, ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერი პირობებით, გარდა იმისა, რომ ღია ტყუილის თქმა არ მომიწიოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი