იაგო ხვიჩია - ბარიერზე იმდენი სამუშაოა გაწეული, იმდენად დავიღალეთ, გამოვიფიტეთ, რომ ბოდიში და ფეხებზე გვკიდია, „ქართული ოცნება“ რას იზამს
იაგო ხვიჩია - ბარიერზე იმდენი სამუშაოა გაწეული, იმდენად დავიღალეთ, გამოვიფიტეთ, რომ ბოდიში და ფეხებზე გვკიდია, „ქართული ოცნება“ რას იზამს

ამ ბარიერზე იმდენი სამუშაოა გაწეული, იმდენად დავიღალეთ, გამოვიფიტეთ, რომ ბოდიში და ფეხებზე გვკიდია, „ქართული ოცნება“ რას იზამს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მიიღებს 2%-ანს და კარგი საქმე იქნება, მიიღებს 3%-ს და ჰქონდეთ, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს, მაგრამ სინამდვილეში, 5%-იანისთვის ვემზადებით. ქართველ ხალხს მინდა, ვთხოვო დახმარება, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და ნუ გვახვეწნინებენქოცებზე“ 2% თუ 3%. მნიშვნელობა არ აქვს, 5% თუა ასაღები, 5% უნდა ავიღოთ, თუ მოგება გვინდა, თუ არადა, გვექნება ეს დაუსრულებელი მიშა-ბიძინა, რაც გვაქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში მმართველი პარტიის მხრიდან ბარიერის შესაძლო გადახედვის საკითხი, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სპეციფიკური პარტიაა და ეს საკითხი დღის წესრიგში ამიტომ დადგა.

„ის საკუთარ სიტყვებს არად დაგიდევს და არანაირი გრძელვადიანი გეგმები არ გააჩნია, როგორც ასეთი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უნდა ჩავარდეს.

„ეს იყო მარტივი და ადამიანური ფორმა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონოდა შანსი, რაღაც თვალსაზრისით დამოუკიდებლად ეთამაშა პოლიტიკური თამაში, გვქონოდა პოლიტიკური მრავალფეროვნება და ახალ მოთამაშეებს ჰქონოდათ შანსი პოლიტიკაში შემოსვლის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება ვინმეს ოპოზიციიდანაც აწყობდეს, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავიდანვე აწყობდა 5%-იანი ბარიერი.

„5%-იანი არ ვიცი, მაგრამ 3%-იანი ბარიერი თვითონ შეიტანა ოპოზიციამ, როცა ბიძინა ივანიშვილმა ბუნებრივი ბარიერი თქვა. „ნაცმოძრაობას“ თავიდანვე აწყობდა 5%-იანი ბარიერი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, 5%-იანი ბარიერი ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს.

„აგერ მე და აგერ თქვენ, ეს 5%-იანი ბარიერი ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს. არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, ეს ამბავი მით უფრო თვალსაჩინო გახდება. ზოგადად, მათივე უსაფრთხოებისთვის მე მათ ვურჩევდი, რომ ბარიერი 5%-იანი არ იყოს და რაც შეთანხმებულია, ის დადონ. თან, ორჯერადად კი არა, სამუდამოდ დადონ 2%-იანი ბარიერი, რომ ხელისუფლებაში ვინც არ უნდა მოვიდეს, არავის არავიზე შურისძიება არ მოუნდეს, რადგან ზუსტად ეცოდინება, რომ შურისძიება 2%-იანი ბარიერის შემთხვევაში საშიშია, ხოლო თუ 5%-იანია, შენ ავტომატურად მიღებული გაქვს შურისძიება. ანუ, შენ ამთავრებ ისე, რომ საბოლოო ჯამში, უდიდესი ალბათობით, შენზე შურს იძიებენ. ვიღაც გამოჩნდება რევანშისტი, რომელსაც აწყობს ასეთი დაპირისპირება და აწყობს 5%-იანი ბარიერი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.