იაგო ხვიჩია - არ მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ხუნდაძის კანონპროექტს მიიღებს, რადგან სრულად მაჟორიტარულზე გადასვლა მათ არ აწყობთ
იაგო ხვიჩია - არ მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ხუნდაძის კანონპროექტს მიიღებს, რადგან სრულად მაჟორიტარულზე გადასვლა მათ არ აწყობთ

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია საარჩევნო სისტემაზე მაჟორიტართა ჯგუფის ახალ ინიციატივას კლოუნადის გაგრძელებას უწოდებს.

„ჩემი აზრით, ეს არის კლოუნადის გაგრძელება. კლოუნადი ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების“ გადამგდებმა ხალხმა იცოდა, მათ უნდა ჩაეგდოთ კანონპროექტი.  ბიძინა ივანიშვილმაც იცოდა, რომ უნდა ჩაეგდო კანონპროექტი და სამი დღის განმავლობაში მოაწყეს ცირკი, თითქოს რაღაცა მოლაპარაკება მიმდინარეობს. ბიძინა ლაპარაკობს ერთი ერთზე, ჯერ ხუნდაძესთან, შემდეგ დაჩი ბერაიასთან და ა.შ. საბოლოო ჯამში, ამ კლოუნადის მოწყობასთან ერთად მივიღეთ ის, რომ მარტივად კიარ გადაგვაგდეს, კონცერტში მიგვაღებინეს მონაწილეობა და შემდეგ გადაგვაგდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა ხელსაყრელი არ არის. აქედან გამომდინარე, იაგო ხვიჩიას შეფასებით, ინიციატივა ინიციატივად დარჩება.

„არ მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ხუნდაძის კანონპროექტს მიიღებს. არა იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, სრულად მაჟორიტარულზე გადასვლა არ აწყობს „ქართულ ოცნებას“.

„ამ შემთხვევაში საერთოდ არანაირი შანსი არ აქვს პარტიას, რომელსაც ახლა აქვს 26 პროცენტის  მხარდაჭერა. ამერიკული სისტემაო რომ თქვა ბატონმა ხუნდაძემ, ამერიკულ სისტემაში არის, თუ გახსოვთ, როდესაც რეიტინგებს ითვლიან, დემოკრატიულ პარტიას აქვს 48 პროცენტი, „რესპუბლიკურს“ და ა.შ. ოთხ პროცენტიანი უპირატესობა არის გადამწყვეტი სრულად მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში. ყველამ იცის, რომ თუ შენ გაქვს ოთხ პროცენტიანი განსხვავება, შენ სრულად გაქვს წაგებული ეს არჩევნები. აქ ოთხი კიარა, 26 პროცენტი აქვს „ქართულ ოცნებას“და დანარჩენი არის ან გადაუწყვეტელი, ან ოპოზიციური ხმები. მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში მოწინააღმდეგესთან რჩები ერთი-ერთზე, 26 პროცენტიანი  პარტია როცა ხარ და ერთი-ერთზე იტოვებ საკუთარ თავს, შენ არჩევნების მოგების შანსი არ გაქვს. ამიტომ, სრულად მაჟორიტარული სისტემა არის ბევრად უარესი იმ მიზნისთვის, რა მიზანიც „ქართულ ოცნებას“ და ხუნდაძეს გააჩნია. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ამას მიიღებენ, ეს არის ჩვეულებრივი სპექტაკლი, ყურადღების გადატანა, რომ თითქოს ჩვენ მზად ვართ, კიდევ უარესის გასაკეთებლად. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე უარესი უკვე გააკეთა, რაც შეიძლებოდა ჩაედინა, ეს იყო ხალხის გადაგდება“ ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ წევრის განმარტებით, ოპოზიციამ არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა მოიგოს.

„ამის შანსი მოგვცა ბიძინა ივანიშვილმა, რადგან პროპორციულის შემთხვევაში ამის შანსი არ არსებობდა. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა რეალურად, რათა მივიღოთ უკეთესი ქვეყანა“ ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოში არსებულ კონსტიტუციასთან შესაბამისია.

„მე რომ გითხრათ, რომ დიდად აღფრთოვანებული ვარ გერმანული მოდელით, არა. ყველაზე მეტად მომწონდა ის მოდელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილი შეპირდა ხალხს. სადაც მიწევდა  მისვლა და საუბარი, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს იყო ყველაზე უკეთესი რამ, რაც შეიძლებოდა ვინმეს გაკეთებინა ამ ქვეყანაში. ამ რაღაცის გამო მე ბიძინა ივანიშვილს ვაპატიე ბევრი რამ, რადგან ჩემი აზრით, ეს იყო გარანტია იმისი, რომ ჩვენ სწორი თამაშის წესებით გვეთამაშა და ზოგადად სწორად გვეცხოვრა პოლიტიკურ მოთამაშეებს. შესაბამისად, ამაზე უარის თქმა, ჩემი აზრით, არის ყველზე პრორუსული ნაბიჯი, რაც შეიძლებოდა ვინმეს გადაედგა. პუტინს ახარებს ის, რომ ეს ქვეყანა იყოს დომხალში, სადაც ვიყავით ბოლო 30 წელი და ამ გადაგდებით ჩვენ დავრჩით ამ დომხალში. ჩვენი, ამ ქვეყანაში მცხოვრები ნორმალური ადამიანების ვალდებულებაა, რომ ამ ყველაზე პროპუტინისტურ ნაბიჯს დავუპირისპიროთ ყველაზე ანტიპუტინისტური და ანტისაბჭოთა ნაბიჯი. ჩემი პოლიტიკური ძალა ამიტომაც არ ჩანს სხვადასხვა აქციებზე ამ წუთას, ჩვენ გვინდა, პოლიტიკური პარტიები დავარწმუნოთ, იმაში, რაც ჩვენ მიგვაჩნია ყველაზე ანტიპუტინისტურ გზად“ ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ და განმარტა, რომ  საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელის მიღებას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება.

რაც შეეხება მთავრობასთან დიალოგს, იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ის უნდა გაგრძელდეს.

„რათა ხელისუფლებას არ ქონდეს საშუალება თქვას, რომ ვიღაცები არ მელაპარაკებიან. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ გველაპარაკება“ ,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.