იაგო ხვიჩია - ახლა ნიკა მელიას არ აქვს ლიდერის პოზიცია, ოპოზიციას მოვუწოდებთ, დედაქალაქში საერთო კანდიდატს ნუ დააყენებენ, ეს არის წაგების ფორმულა
დღევანდელი მოცემულობით, ფავორიტია კახა კალაძე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასე გაგრძელდება, თუ ოპოზიცია სწორ სტრატეგიას შეარჩევს, – აცხადებს „გირჩის“ წარმომადგენელი, იაგო ხვიჩია თემის კომენტირებისას.
„ამის ნიშნებს ჯერ ვერ ვხედავთ, თუმცა ალბათ, მოცემულ სიტუაციაში ნიკა მელია შესაფერისი კანდიდატია ამ ბრძოლისთვის.
მაგრამ ახლა მას არ აქვს ლიდერის პოზიცია. მთელ ოპოზიციას მოვუწოდებთ, დედაქალაქში საერთო კანდიდატს ნუ დააყენებენ, რადგან ეს არის წაგების ფორმულა და „ქართული ოცნების“ თამაში, რადგან თუ პირველ ტურში მხოლოდ ორი კანდიდატურა იქნება – ნიკა მელია და კახა კალაძე, დარწმუნებული ვარ, პირველსავე ტურში კახა კალაძე მოიგებს და ეს ისტორია მორჩება.
სჯობს, პირველსავე ტურში რამდენიმე კანდიდატი იყოს და ბრძოლა გადავიდეს მეორე ტურში. თუ მეორე ტურში იქნება სიტუაცია, რომ 43 პროცენტი არ ექნება „ქართულ ოცნებას“ და ახალი არჩევნები დაინიშნება, ეს შანსს გააჩენს, რომ კახა კალაძეს მოუგო, სხვა ფორმულის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.