იაგო ხვიჩია - რუსეთს სიძლიერის გამოვლინება ბევრნაირად სჭირდება, სადაც სცადა, იქ არ გამოუვიდა
ოპოზიციონერ დეპუტატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებით საქართველოს ტერიტორიების ანექსია ხდება.
როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარება მაინც რუსეთთან არის შეთანხმებული.
„შეიძლება, რუსებმა არ იჩქარონ და რეფერენდუმის შედეგები მაშინვე სისრულეში არ მოიყვანონ, მაგრამ ეს ნაბიჯი ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობის გაფუჭებას საქართველოს ხელისუფლებასთან, რამდენად ლოიალურიც უნდა იყვნენ რუსების მიმართ. ამ შემთხვევაში, ხდება ქვეყნის ტერიტორიების ანექსია და მგონი, ნებისმიერ ხელისუფლებას გაუჭირდება, რუსები შეაქოს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისთვის. რუსეთს სიძლიერის გამოვლინება ბევრნაირად სჭირდება. სიძლიერის გამოვლინება სადაც სცადა, იქ არ გამოუვიდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.