იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროების მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობის საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ

14:29, 22.04.2021

იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროების მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობის საქმეზე დაკავებულ შსს-ის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

ბრალდებულები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. მათ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება.

დაკავებულები დიმიტრი დევდარიანი და გიორგი ბიჩინაშვილი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა ადვოკატების ინფორმაციით, ორივე მათგანი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

ამასთან, როგორც ბრალის წარდგენის შემდეგ დიმიტრი დევდარიანის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობას უარყოფს და არც გამოძიების მიერ გასაჯაროებული ფაქტების შესახებ აქვს ინფორმაცია. თუმცა როგორც ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განაცხადა, ვიდრე დევდარიანს დააკავებდნენ, ორჯერ გამოკითხეს და მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ბრალის წარდგენა.

რაც შეეხება მეორე დაკავებულის, გიორგი ბიჩინაშვილის ადვოკატის პოზიციას, როგორც მაგდა კოტრიკაძემ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობას იმ დროს, როდესაც ის იაღლუჯის ბაზაზე არ იმყოფებოდა. მაგდა კოტრიკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ სამხედროების დამამცირებელი მოპყრობის საქმეში ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს.

დევდარიანს და ბიჩინაშვილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ორი ჯარისკაცის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ექვს ფაქტს ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, თითოეული მათგანი 2020 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს მომხდარ სამ-სამ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა.

ადვოკატების ინფორმაციით, ამ დროისათვის საქმე ცხრა ტომს მოიცავს. შესაძლოა, დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელოს.

მსგავსი