იაფ ფრენებს დაემშვიდობეთ – რატომ ძვირდება ავიაბილეთები
თვითმფრინავები დგანან მიუნხენის ფრანც-იოზეფ შტრაუსის აეროპორტის „ლუფტჰანზას“ ტერმინალთან. 2023 წლის 15 სექტემბერი
ნავთობზე ფასების მკვეთრი ზრდის შედეგებს, უკვე თვეებია, მხოლოდ ავტომობილების მძღოლები, სატრანსპორტო და გადამზიდავი კომპანიები ან ნავთობზე მომუშავე გათბობის სისტემების მფლობელები არ გრძნობენ – ავიამგზავრებსაც ბევრად უფრო ღრმად უწევთ ჯიბეზე ხელის ჩაყოფა, ვიდრე ერთი წლის წინათ. ვითარების გაუმჯობესების ნიშნები, ჯერჯერობით, არ ჩანს.
ყველა, ვინც ახლა საშემოდგომო ან საშობაო არდადეგებისთვის იაფ ავიაბილეთს ეძებს, სავარაუდოდ, იმედგაცრუებული დარჩება. გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ცნობით, საჰაერო ტრანსპორტი იმ სერვისების ჩამონათვალში შედის, რომელიც არაპროპორციულად გაძვირდა, რისი მიზეზიც ირანში მიმდინარე ომი და ჰორმუზის სრუტის ბლოკადაა.
2026 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ავიაბილეთის ფასი, საშუალოდ, 8.5 პროცენტით გაიზარდა. ექსპერტები, მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში, ფასების კიდევ უფრო მნიშვნელოვან მატებას ვარაუდობენ.
ავიაკომპანიები სპეციალურ შეთავაზებებზე უარს ამბობენ
თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ამჟამად არცერთი მსხვილი ავიაკომპანია, მომხმარებლების მისაზიდად, ფასდაკლებების აქტიურ კამპანიებს არ ატარებს. ამის მიზეზი ის არის, რომ ავიაკომპანიებს ხარჯების მკვეთრი ზრდა დაეტყოთ. მაგალითად, ომის შედეგად, საავიაციო ნავთის ფასი, ზოგ შემთხვევაში, გაორმაგდა.
მართალია, ავიაკომპანიები ამ ტვირთის მგზავრების მხრებზე გადატანას ცდილობენ, მაგრამ როგორც ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, მათ ეს მხოლოდ ნაწილობრივ გამოსდით. ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის ყველა მსხვილმა ევროპულმა ავიაკომპანიამ (მაგალითად, Lufthansa Group-მა, Air France-KLM-მა და Ryanair-მა) მოგების მკვეთრი შემცირებისა და მარჟების შეკვეცის შესახებ გააკეთა განცხადება.
ავიაკომპანიები ხშირად ძლივს იღებენ მოგებას
მიუხედავად ამისა, საჰაერო გადაყვანებზე მოთხოვნა ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ვარაუდობს, რომ წელს მგზავრთნაკადის ახალი გლობალური რეკორდი დამყარდება – ისტორიაში პირველად, ავიაკომპანიები 5 მილიარდზე მეტ ადამიანს გადაიყვანენ.
ასოციაციის უახლესი წლიური პროგნოზის თანახმად, ამ ზრდას ვერც მაღალი ინფლაცია და ვერც გეოპოლიტიკური კრიზისები ვერ შეაჩერებს. ამ ფაქტორებმა, ეს ზრდა, უარეს შემთხვევაში, მხოლოდ ოდნავ შეიძლება შეანელონ. IATA შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდასაც ვარაუდობს და პროგნოზირებს, რომ ის 9 პროცენტს გადააჭარბებს.
თუმცა, ამ მოგებას, დიდწილად, გაზრდილი ხარჯები შთანთქავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ ავიაკომპანიას მოგებაზე გასვლა გაუჭირდება. ასოციაციის შეფასებით, მარჟა, მთლიანი სექტორის მასშტაბით, მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს, რაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
გაკოტრების შესაძლო ტალღის პირველი ნიშნები
შედეგად, ფასების ირგვლივ ომისთვის საავიაციო ინდუსტრიაში დიდი სივრცე აღარ რჩება, რაც დღეს არსებული გაურკვეველი ვითარების ფონზე, შესაძლოა, კატასტროფული შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. ექსპერტები უკვე ხედავენ ნიშნებს, რომ ავიაკომპანიებს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნათ. განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ ის მცირე კომპანიები არიან, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური რეზერვები არ გააჩნიათ. სირთულეებმა ყველაზე მწვავედ, ალბათ, ზამთრის თვეებში იჩენს თავს, რადგან ეს პერიოდი ავიაციის სექტორისთვის, ტრადიციულად, ნაკლებად მომგებიანია. ნიშანდობლივია, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინათ, ლატვიურმა ავიაკომპანია AirBaltic-მა, კრედიტორებისგან დაცვის მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა.
აშშ-ში კი უკვე მოხდა მსხვილი ავიაკომპანიის გაკოტრება – ჯერ კიდევ გაზაფხულზე, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Spirit Airlines-ი იძულებული გახდა, საქმიანობა შეეწყვიტა. ცოტა ხნის შემდეგ Lufthansa-მაც შეაჩერა თავისი შვილობილი კომპანიის, Cityline-ის ოპერირება და ამის ერთ-ერთ მიზეზად, სხვა ფაქტორებთან ერთად, საავიაციო ნავთის გაძვირება დაასახელა.